მეფრინველეობის კომპანია GPP-იმ, რომელიც ქათამს და ქათმის პროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, ქათმის ფარშის წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ ბიზნეს სექტორში ხდება და არა საცალო ბაზარზე. კომპანია სამომავლოდ ნახევარფაბრიკატების ხაზის ამოქმედებასაც განიხილავს.

ასორტიმენტის გაფართოება კომპანიის წარმადობის გაორმაგების შედეგად მოხდა, რომელშიც GPP-იმ  დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ფირცხალაშვილის ინფორმაციით, გაფართოების შედეგად, "ნოსტეს" ქართული ქათმის ხორცპროდუქტების წარმოება წლიურად, ჯამში 6 000

ტონას შეადგენს (აქამდე კომპანიის  წლიური წარმადობა  3 000 ტონა ქათამს შეადგენდა). კომპანიამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ახალი ფერმა გახსნა, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს.

ფირცხალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" მიმდინარე წლის გაყიდვებსაც აფასებს და აცხადებს, რომ  2024 წელი კომპანია GPP-ისთვის  განვითარების და წინსვლის წელია.  "მნიშვნელოვნად გაიზარდა "ნოსტეს" ქართული ქათმის ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა და შესაბამისად,გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელიც,"-აცხადებს გიორგი ფირცხალაიშვილი.

კითხვაზე, რა მოლოდინებია კომპანიის განვითარების კუთხით იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელი საარჩევნო წელია და ახდენს თუ არა აღნიშნული პროცესი რაიმე ფორმით კომპანია  GPP-ზე გავლენას, თუნდაც საინვესტიციო პოლიტიკის თვალსაზრისით, ბიზნესმენი განმარტავს, რომ  ზოგადად, კვების ინდუსტრია არ არის პოლიტიკურ მოვლენებზე დამოკიდებული სფერო. ინვესტიციები უკვე განხორციელებულია ჩვენს კონკრეტულ ბიზნესში, რის შედეგადაც კომპანია ყოველდღიურად სტაბილურად და წარმატებით ვითარდება.

ვრცლად bp.ge – ზე