საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო 10 თვის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანამ 24,6 მლნ დოლარის ღირებულების 10,523 ტონა გაყინული თევზი შეიძინა. საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ნორვეგიაა, საიდანაც ქვეყანამ 4,6 მლნ დოლარის ღირებულების 1 769 ტონა გაყინული თევზი შეიძინა. რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან 2,5 მლნ დოლარის ღირებულების 1,283 ტონა გაყინული თევზი გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინაა.

თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია "უმალში“ ამბობენ, რომ ქართულ ბაზარზე თევზზე მოხმარება გაზრდილია. გადამმუშავებელი კომპანიები და ცალკეული მომხმარებლები ძირითადად იმპორტირებულ თევზს იმიტომ ყიდულობენ, რომ ბევრად იაფია და რაც მთავარია, ხარისხზე არსებულ მოთხოვნასაც აკმაყოფილებს.

„ზოგადად საქართველოს ბაზარზე თევზის მოხმარება გაზრდილია; რეალიზაციამ შარშანდელთან შედარებით 20%-ით მოიმატა. თევზზე გაზრდილი იმპორტის მიზეზი, ალბათ, მისი ხარისხია, ასევე გაზრდილი თვითღირებულება. ნორვეგიიდან შემოტანილ გაყინული ორაგულს უკეთესი ხარისხი აქვს და უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილობრივი წარმოება. პროდუქტის ყიდვისას ფასი მაინც გადამწყვეტი ფაქტორია. ვინც თევზეულში კარგად გარკვეული არ არის ქართულ და ნორვეგიულ თევზში განსხვავება შეიძლება ვერც ნახოს. თევზის ისეთი ფორმით მწარმოებლებს, როგორიც მაგალითად „უმალია“ გაზრდილი იმპორტი ხელს არ შეუშლის, მაგრამ მეკალმახეებს სერიოზულად დააზარალებს. ჩვენ გვაქვს თურქეთიდან შემოსული თევზი, რომელიც 17-18 ლარი ღირს. ის ბევრად ხარისხიანი და იაფია, რაც ბიზნესს აწყობს. ადგილობრივ ბაზარზე მე იგივე თანხად თევზს ვერ ვპოულობ. პროდუქცია იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ვმარაგდებით 20%-ზე მეტით გაძვირდა, შესაბამისად ეს ფასზეც აისახა. სკუმბრიას, რომელიც  საქართველოში წამყვანი სახეობაა, გლობალური დათბობის გამო მთელს მსოფლიოში შემცირებული რაოდენობით იჭერენ, რამაც ფასი გააძვირა“,- ამბობს ,,უმალის“ აღმასრულებელი დირექტორი, დიტო წვერავა.