„ნებისმიერი ტიპის რეგულაცია, რაც წარმოშობს დამატებით ხარჯს ბიზნესისთვის, კომპენსირდება საბოლოოდ მომხმარებლისგან“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ისე უნდა იყოს მიღებული, რომ ნეგატიურად არ მოქმედებდეს ფასზე.

გარდა ამისა, ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, რომ სასურსათო პროდუქტის ფასწარმოქმნაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს დისტრიბუტორების და რითეილის ურთიერთობა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ სექტორს შორის ახალი კონტრაქტების გაფორმება გონივრული პირობებით მოხდება.

„რითელი ჩვენი პარტნიორია. რა თქმა უნდა, მათი ხარჯიც იზრდება ყოველწლიურად და რაღაცით უნდა დაკომპენსირდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს გონივრული. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, რომ გონივრული სახელშეკრულებო პირობების ცვლილება (და არა ის, რომ არსებითად გაუძვირა მიმწოდებელს გადასახადი), შეინარჩუნებს სტაბილურ ფასს მომხმარებლისთვის.

მაგალითად, გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების რეგულირება, ან ნებისმიერი ტიპის რეგულირება, რაც შემოდის, ეს საბოლოოდ ხომ ფასზე რეაგირებს?! ნებისმიერი ტიპის რეგულაცია, რაც წარმოშობს დამატებით ხარჯს ბიზნესისთვის, კომპენსირდება საბოლოოდ მომხმარებლისგან, თითოეული მოქალაქისგან, რომელსაც უკვე ხვდება მომატებული ფასი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პირობითად, მხოლოდ ერთმა რეგულაციამ ერთ კომპანიას [წარმოება] გაუძვირა მილიონ-ნახევრით და კიდევ სხვა რეგულაციამ წარმოშვა დამატებითი ხარჯი, ამას საბოლოოდ იხდის მომხმარებელი. აქ არის ერთ-ერთი პრობლემა. ამიტომ, ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ისე უნდა იყოს მიღებული, რომ არსებითად ნეგატიურად არ რეაგირებდეს ფასზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელშეკრულებების განახლების პროცესი [რითეილსა და დისტრიბუტორებს შორის], რომელიც ახლა უკვე დაიწყო (მომავალი წლის ხელშეკრულებებზეა საუბარი) ჩვენი პარტნიორი შემსყიდველებისგან, რითეილსიგან იქნება ისეთი პირობებით, რაც მიახლოებული მაინც იქნება იმასთან, რაც დღეს აქვთ კომპანიებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო, რომელიც სწავლობდა ამ მიმართულებას და შუალედური შედეგიც გამოაქვეყნა (ფასწარმოქმნაში თუ რა როლს თამაშობდა ეს გადასახადები), ზოგადად ეს პროცესი დადებით ზეგავლენას მოახდენს ორივე მხარის ურთიერთობაზე. და, საბოლოოდ მომხმარებელზე, რომლისთვისაც შედარებით უფრო სტაბილური იქნება ის ფასი“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

www.bpn.ge