ნარჩენები რეციკლირება გაცილებით მოგებიანია, ვიდრე [პლასტიკის] აკრძალვა - ასეთია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის თემურ ჭყონიას პოზიცია მთავრობის მიერ დაანონსებული სასმელების პლასტიკის ბოთლებით გაყიდვის აკრძალვის შესახებ.
საქმე ის არის, რომ 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლისდა მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივიწარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის გაზიანი სასმელების, წვენებისა და მტკნარი წყლის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის გააქტიურებისთანავე, კომპანიამ ნარჩენების გადამუშავების პროექტზე დაიწყო მუშაობა. თემურ ჭყონია იმასაც ამბობს, რომ ეს მიდგომა ერთი მხრივ, მსოფლიო ბრენდის ხედვის ნაწილია და მეორე მხრივ, საქართველოში ახალი ინდუსტრიის შექმნას ემსახურება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მოგებიანი, ხოლო გარემოსთვის მეტი სიკეთის მომტანი იქნება.
„გლობალური კოკა-კოლას ერთ-ერთი პრიორიტეტული ხედვა არის ბუნების დაცვა, რაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც უაღრესად აქტუალური თემაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ასოცირების შეთანხმებაში გაწერილია, რომ მწარმოებელი ვალდებულია თავის პროდუქციას მოუაროს. ჩვენ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავებისთვის ვემზადებით. მე ჩვენს კოლეგებსაც ვესაუბრე და ყველა მზად არის, რომ ბუნება გავასუფთაოთ ნარჩენებისგან. ამაში ჩვენ ძალიან დიდ ფინანსებს ჩავდებთ. ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია ის, რომ ბუნება ნარჩენებისგან უნდა გასუფთავდეს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი აზრი სულ გვქონდა და ვმუშაობდით ამაზე. რაღაც მომენტებში ბიუროკრატიული თემები ხშირად არის, მაგრამ ახლა ეს თემა გააქტიურდა და იმედი მაქვს ამ ბიუროკრატიულ საკითხებს გადავლახავთ. ჩვენ შევქმენით საქართველოში უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია. ახლა უნდა შევქმნათ ნარჩენების გადამუშავების ინდუსტრია - ამ ინდუსტრიის შესაქმნელად ყველა საშუალება გვაქვს, რომ შევქმნათ ახალი შემოსავლები, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიები, რაც მთელ მსოფლიოში წარმოუდგენლად მოგებიანი ბიზნესია.
ასე უნდა შევხედოთ - რას მოგვიტანს აკრძალვა და რას მოგვიტანს ნარჩენების გადამუშავება, რეციკლირება?! ახალი პროდუქციის გამოშვებას და ახალ სამუშაო ადგილებს. ამას რომ შევადარებთ, მივხვდებით, რომ ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება გაცილებით უფრო მოგებიანია მოსახლეობის დასაქმების, სახელმწიფო შემოსავლების და საექსპორტო პროდუქტების მიზნით. ამ პროცესში ჩვენ ჩართულები ვიყავით, მაგრამ ნელი ტემპით მივდიოდით. ამ რეგულაციების დაანონსებამ, ამ საკითხზე უფრო მეტი დაფიქრებისკენ გვიბიძგა. მივხვდით, რომ რეციკლირება და გადამუშავება გაცილებით მოგებიანია, ვიდრე [პლასტიკის] აკრძალვა - ფინანსურად, ბუნებასთან ურთიერთობაში, დასაქმებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში - გაცილებით მოგებიანია“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ვრცლად: bm.ge