მთავრობა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობებში ახალ გამონაკლისებს აწესებს, - ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის დადგენილება.
დადგენილების პირველადი ვერსია მთავრობამ 2025 წლის 30 დეკემბერს მიიღო, რომელიც ძალაში 2026 წლის 12 იანვრიდან შევიდა.
ახალი წესების მიხედვით, მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს შემდეგ შემთხვევაში, საუბარია მსხვილ ინვესტიციებზე:
- -ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელია, თუ მყიდველი აიღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს (დღგ-ს გარეშე).
- -თუ ბიზნესმენს უკვე აქვს საკუთარი ქონება, რომელშიც 100 მილიონი ლარი უკვე დააბანდა და მას გვერდით მდებარე სახელმწიფო მიწა სჭირდება ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, სახელმწიფოს შეუძლია ეს ქონება პირდაპირ მიჰყიდოს.
პრივატიზების ეს ფორმა გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვისაც:
- -სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, ქონება შეიძლება გადაეცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს ან სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად;
- -ენერგეტიკის, წყალმომარაგების, გზების ან საბაგიროების მშენებლობისთვის საჭირო ქონება ასევე შეიძლება პირდაპირი წესით გასხვისდეს;
- -ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელი ხდება სასამართლო ან საარბიტრაჟო დავების მორიგებით დასასრულებლად.
დოკუმენტი ასევე განმარტავს სახელმწიფო ქონების გაცვლის (ე.წ. ბარტერის) წესს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში:
- -თუ გაცვლის საჭიროება გაწერილია დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით.
- -თუ არსებობს სახელმწიფო უწყების დასაბუთებული შუამდგომლობა, რომ გაცვლა აუცილებელია სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისთვის.
9 თებერვლის დადგენილებით ჩამონათვალს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ქონების გადაცემა სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შეეძლება და იმ შემთხვევაში თუ ქონების გადაცემის შუამდგომლობით მთავრობას რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო მიმართავს
„სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული/საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობით საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავის (იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება) ან საარბიტრაჟო დავის დასრულების მიზნით;
ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე: ა) სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით; ბ) ფიზიკური პირების/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საცხოვრებლით უზრუნველყოფის/საცხოვრებელი/ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთათვის (ეკომიგრანტთათვის) უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;
სახელმწიფო/ადგილობრივი მნიშვნელობის ენერგეტიკული, წყალმომარაგების, საგზაო/სატრანსპორტო (მათ შორის, საბაგირო) ან ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნის/ ფუნქციონირების მიზნით;“, - წერია დადგენილებაში.