მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ შაორის განვითარება იწყება. კურორტის ინვესტორი სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Development-ია.  

შაორის ტბის პირველ ზოლში მიწის ნაკვეთი კომპანიამ 1 193 000 ლარად 2021 წლის 30 მარტს შეიძინა, რომლის განვითარებაზეც მისი შვილობილი „სითი დეველოპმენტი“ იზრუნებს.  პროექტში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მის განხორციელებას სამ წლამდე დრო დასჭირდება.

„სითი დეველოპმენტში“ ამბობენ, რომ შაორზე სასტუმროს განსაკუთრებული მოდელი შეიქმნება, ცოტა ხანში დაიწყება დეტალური პროექტირება და სანებართვო პროცედურები, სამშენებლო სამუშაოები კი სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.

საპროექტო გუნდისთვის გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული. კერძოდ, საპროექტო შენობა 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ოთახების ოდენობა 120 ნომერს, სწორედ ამ მაქსიმუმს მოიცავს სასტუმროს პროექტი. სასტუმროს ვიზუალური მხარე უნდა იყოს თანამედროვე, თუმცა სასურველია ადგილობრივი არქიტექტურის ელემენტების გამოყენება და გარემოსთან მისადაგება. დოკუმენტის მიხედვით, სასურველია სასტუმროს ყველა ოთახი იყოს პანორამული ხედებით (ტბაზე ან ტყისკენ). ასევე უნდა დაიგეგმოს სტუმართა თავშეყრისთვის განკუთვნილი მცირე, მყუდრო სივრცეები შენობაში და მის გარეთ.

საკუთრებაში არსებული 3 ჰექტარამდე ტერიტორიის პროექტირების მიღმა, გასათვალისწინებელია კომპლექსამდე მისასვლელი გზის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მისი გაფართოება/რეკონსტრუქციის რეკომენდაციის გაცემა. კონცეფციის თანახმად, სასტუმრო შერეული ტიპის დამსვენებელზე უნდა იყოს მორგებული და სეზონების მიხედვით განსხვავებულ სეგმენტს მოემსახუროს.

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან მზადდებოდა და 2019 წელს დასრულდა, ამ დრომდე მშენებლობის დაწყების მოლოდინშია.

შპს „სითი დეველოფმენტის“ დირექტორი - გიორგი მაჭავარიანია, წილის 100%-ის მფლობელი კი შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“. თავად შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე/წევრი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე მინდია საბანაძეა, წევრები კი ნოდარ საბანაძე, ლევან მესხელი, ლაშა კახიშვილი და გიორგი მთიბელაშვილი არიან. კომპანიის დირექტორი ლევან მესხელია. კომპანიის 100%-ს აშშ-ში რეგისტრირებული IG international LLC-ი ფლობს.