ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო საპროტესტო აქციები უნდა დასრულდეს. „ჩვენც ასე ვიყავით ცხრა აპრილს. ჩვენც ასე ვიდექით რუსთაველზე... ჩვენი შეცდომა იყო. უნდა გავყოლოდით პატრიარქს და უნდა დავშლილიყავით; ახლაც მოვუწოდებ [ახალგაზრდებს], რომ ეს დაამთავრონ. არ შეიძლება ასე გაგრძელება“, - ასე ხედავს „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს.
- ყველაზე მთავარი ამ ბიჭებს და გოგოებს მივმართავ, რომელთაც ყველას პირადად ვიცნობ - ვგულისხმობ ოთხ პარტიას, ვინც მანდატები აიღო... ქართველი ერი არ დაივიწყებს იმას, ვინც შერიგებისთვის პირველ ნაბიჯს გადადგამს.
- ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს...
- ვინც ახლა პირველი იტყვის - „ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემი ერისთვის, ჩემი ხალიხსთვის შევდივარ პარლამენტში, ოღონდ სიმშვიდე იყოს და ვთმობ ყველა ჩემს ამბიციას“ - წარმოიდგინეთ, ისტორიაში შედიან ერთ წუთში.
- „ოცნებასაც“ ურჩიეთ, ერთ წუთში ისტორიაში როგორ შევიდნენ - მაგალითად, ბიძინა ივანიშვლს რისი გაკეთება შეუძლია ახლა?
- ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში. დღეს რომ დაამთავროს მოღვაწეობა, უკვე ისტორიაშია შესული.
- რით?
- ისტორია იტყვის...
- მე თქვენ გეკითხებით...
- ჩვენს ქვეყანას ომი ააცილა. ამ ქვეყანაში არაა მგონი ოჯახი, რომელსაც სამოქალაქო ომში არ ჰყავს ოჯახის წევრი დაკარგული. ამ ხალხს რას ვპასუხობთ?!
„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა რამდენჯერმე არაერთხელ გაიმეორა, რომ სჯერა, „ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროკავშირისკენ მიჰყავს.
დარწმუნებული ვარ, რომ მიჰყავს და ეს ყველგან დავაფიქსირე. [პრემიერის და ბიზნესმენების] შეხვედრაზე ვინმემ თქვა, რომ არ მიჰყავს [ევროკავშირისკენ]? მსგავსი არავის უთქვამს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაცია და სხვა პლუსები [ვინ მოგვიტანა], მე არ ჩამოვთვლი... დანარჩენი გითხარით - სულ ორი კანონია - ლგბტ-ს პროპაგანდას არ მივიღებთ და მეორეა „გამჭვირვალობის კანონი“...
- „რუსულ კანონზე“ მხოლოდ მოკლე რეპლიკას გავაკეთებ - არასამთავრობო ორგანიზაციების იძულებითიწესით რეგისტრაცია არც დაუწყიათ, რატომაც თითქოს ეს კანონი დაამტკიცეს, მაგრამ ევროინტეგრაციისპროცესის შეფერხება ამ კანონმა ნამდვილად შეძლო...
- შეცდომები აპატიე... თუ რამე შეცდომა დაუშვეს, ჩვენ უნდა ვაპატიოთ. წინამძღოლს შეცდომები უნდა აპატიო.
- ამდენი შეცდომა ვაპატიოთ?
- რამდენი? ორი დაასახელე...
- თუ შეცდომა დაუშვეს, მაშინ ხომ უნდა აღიარონ? უბრალოდ, რატომ უნდა ვაპატიოთ?
- კარგი ბატონო, ნუ აპატიებ, მაშინ ვიჩხუბოთ.
- ბატონო?
- ვიომოთ, ვიჩხუბოთ. ვესროლოთ ერთმანეთს ტყვიები...
- რა შუაშია ეს შედარება?! ხელისუფლებებს ვირჩევთ იმიტომ, რომ ქვეყანა განავითარონ, წინ წაიყვანონ, კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაწერილი გზით გვატარონ...
- ეს ბევრჯერ ვუთხარით ჩვენც ირაკლი [კობახიძეს]... ბიზნესმენებმა ხომ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია...
- ბიზნესმენების და ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე, თქვენ რა კითხვები დასვით?
- მე კითხვები არ მქონდა. მე მინდა, უფრო მეტი სითბო იყოს და ვთხოვე ირაკლის, რომ მოქალაქეებს უფრო თბილად მოეპყროს, გავიდეს ხალხთან...
- ანუ ასე სასტიკად არ გვცემოს?
- მე ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება უფრო თბილად შეიძლება ადამიანებს ესაუბროს; ახალგაზრდაცაა, ნერვებიც... უნდა ვაპატიოთ. შეიძლება ვერ შეძლო, მაგრამ დაღვინდებიან და შეძლებენ უკეთესად ამის კეთებას. არაფერი უპატიებელი აქ არის. ყველაზე მთავარი ეს არის. ცოტა ცივი და სწორხაზოვანი მიდგომა აქვს, მაგრამ ეპატიება ეს ადამიანს იმ დროს, როცა 24-საათიანი სამუშაო გაქვს და უამრავი რისკი და პრობლემა აარიდეს ამ ქვეყანას.
- რა ვაპატიოთ?
- ყველაფერი.
- ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს?
- ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ ყველამ ყველაფერი. ძალადობა ვერ გააერთიანებს ჩატეხილ ხიდს. მხოლოდ სიყვარული და ძმობა. რაღაც დიდი ამბიციები გვაქვს და არ ვართ ამხელა ერი. ევროპა, მთელი მსოფლიო შევაწუხეთ უკვე ჩვენი აუტანელი გამოსვლებით.
- არ ეტყობა ევროპას და მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხით შეწუხდა...
- ნორმალური ევროპა [შეწუხდა]
- ვერ დაგეთანხმებით. ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებით ყველა აღფრთოვანებულია...