უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მოცვი გაიაფდა. როგორც ფერმერები „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აღნიშნავენ, სეზონის დასაწყისში, დაახლოებით 20 დღის წინ, მოცვის ჩაბარების ფასი 20 ლარამდე მერყეობდა, ახლა კი ჩაბარების ფასი 7-10 ლარს უტოლდება.
ფერმერები განმარტავენ, რომ მოცვის ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ რაოდენობაზე და ამასთან, უმეტესწილად ფასი რეგულირდება რუსეთის ბაზრის მიხედვით, რადგან საქართველოდან კენკრის ამ სახეობის ძირითადი ექსპორტი სწორედ რუსეთში ხდება.
„ყოველ წელს, განსაკუთრებით 15 ივნისიდან, ვარდება ფასები, რადგან ამ პერიოდიდან იწყება გვიანი მოსავლის აღება. ამასთან, ამავე პერიოდიდან მოცვი რუსეთის ბაზარზე შედის სერბეთიდან და ბელორუსიდანაც. კონკურენციის მატებასთან ერთად, ექსპორტიორებიც ვეღარ ვყიდით იმ ფასად, როგორც მანამდე, და ჩაბარების ფასსაც ვამცირებთ,“- განმარტავს საქართველოს მოცვის მწარმოებელთა საბჭოს წარმომადგენელი, დავით მაყაშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.
სრულად იხილეთ netgazeti.ge