წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე ეტაპზე მოთხოვნა გარკვეულად შემცირებულია, რაც დიდწილად განპირობებულია მსოფლიოში არსებული მდგომარეობით და გლობალური ტურისტული ნაკადების დროებითი ცვლილებებით. მიუხედავად ამისა, ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას სეზონის დაწყებასთან ერთად და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ტენდენცია იქნება მოკლევადიანი, - ამის შესახებ წალკაში მდებარე სასტუმრო კომპლექსის Kass Land-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეთი ბეკურაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპლექსის ვიზიტორთა 70% უცხოელი ტურისტია, ხოლო 30% ადგილობრივი. 

"ეტაპობრივად იზრდება ინტერესიც და ჯავშნების რაოდენობაც, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე სეზონი იქნება უფრო აქტიური და დატვირთული.

ამ დროისთვის ვიზიტორთა უმრავლესობას უცხოელი ტურისტები წარმოადგენენ - დაახლოებით 70%, ხოლო ადგილობრივი ვიზიტორების წილი შეადგენს დაახლოებით 30%-ს. განსაკუთრებული აქტივობა ფიქსირდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ისრაელი, რუსეთი და ინდოეთი.

ზოგადად, ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად ველოდებით როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის კიდევ უფრო გააქტიურებას" - აცხადებს ეთი ბეკურაშვილი.

რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს - კომპლექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე წინასწარი ჯგუფური ჯავშნები ისრაელიდან არის, თუმცა მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ზაფხულის სეზონის დატვირთულობის განსაზღვრა რთულია.

ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე KASS LAND-ი ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.

წყარო: ბიზნესპარტნიორი