საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ავტობიზნესის სექტორში,  შპს „კია საქართველოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება  გააფორმა.

როგორც "კომერსანტს" GCCA-დან აცნობეს, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

- მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც სავაჭრო ობიექტებში უნდა განათავსოს;

- ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1  თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.

ცნობისთვის, 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს - 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში  - 22 312 ლარი.