საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი 2018-2024 წლებში ათჯერ გაიზარდა და 3.5 მილიარდ ლარს მიაღწია, ბაზრის 60.9%-ს ადგილობრივი გაყიდვები შეადგენს, სადაც მომსახურების სექტორი ლიდერობს.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, სექტორი შეინარჩუნებს 20.5%-იან საშუალო წლიურ ზრდას და 2030 წლისთვის 10.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც საცალო ვაჭრობაში ელექტრონული კომერციის წილს 13%-მდე გაზრდის.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი განმარტავს, რომ კვლევა მოიცავს 2018-2024 წლებსა და 2025 წლის წინასწარ შედეგებს.
„ძირითადად, ორ მთავარ სეგმენტს ვუყურებთ - ეს არის მომსახურების სექტორები, რაშიც შედის საკვების მიტანა რესტორნებიდან, ტაქსის მომსახურება, ბილეთების შესყიდვა და საფოსტო-საკურიერო ამანათები. მეორე დიდი სეგმენტი, რასაც ვუყურებთ, არის საქონლით ვაჭრობა, რაშიც იგულისხმება ტანსაცმლის, ტექნიკის, საოჯახო ნივთების შესყიდვა, ასევე, სურსათის მაღაზიებიდან და აფთიაქებიდან პროდუქციის შესყიდვა. მომსახურების სექტორი გვაქვს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და ეს 2024 წლის მდგომარეობით იყო 1.8 მილიარდი ლარი, მეორე მხარეს გვაქვს საქონლით ვაჭრობა, რომელიც მთლიანობაში არის 1.9 მილიარდი ლარი, აქედან 2.6 არის ადგილობრივი და დანარჩენი - უცხოეთიდან გამოწერები. დინამიკაში ყველაზე მზარდი არის მომსახურების სექტორები ადგილობრივ ბაზარზე უფრო რესტორნების ნაწილში, ხოლო საცალო ნაწილში უფრო მზარდია უცხოეთიდან გამოწერები“, - აღნიშნავს მარიამ ჩახვაშვილი.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის I ნახევარში საქონლის უცხოეთიდან ონლაინ-გამოწერებმა 900 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ღირებულებაში ყველაზე დიდი წილი Temu-ს აქვს.
„Temu არის კომპანია, რომელმაც ბოლო 2 წელიწადში ბაზარი მნიშვნელოვნად გაზარდა. 2 წლის წინ 0-ზე იყო TEMU-ს წილი და 2 წელიწადში 50% მიიღო. სხვა უცხოური პლატფორმებისგან განსხვავებით, Temu-ს პირდაპირ მომხმარებლამდე მიაქვს პროდუქტი, ანუ თვითონ აკეთებს დაკონტრაქტებას შუამავალი კომპანიების მეშვეობით, რაც პროცესს ბევრად უფრო ამარტივებს. გვაქვს მოლოდინი, რომ Wildberries, რომელიც 2025 წელს გამოჩნდა ჩვენთან, ასევე გამოიწვევს ბაზრის გაზრდას. მომხმარებლის მხარესაც რომ შევხედოთ, თუ დავუშვათ, 5 წლის წინ 20% იყო მოსახლეობის, ვინც ელექტრონულად რამეს მაინც ყიდულობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 37%-მდე ავიდა, რაც მილიონ ადამიანზე მეტია და პოტენციალი კიდევ უფრო მაღალია“, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი და დასძენს, რომ მნიშვნელოვანი ტემპით იზრდება ადგილობრივი ელექტრონული კომერციაც. თითქმის 50-%-იანი ზრდა ფიქსირდება უცხოეთიდან გამოწერებსა და ადგილობრივ ბაზარზე.
„მომდევნო 5 წლის ჭრილში ელექტრონული კომერციის ბაზრის ზრდის ტემპი გაგრძელდება, თუმცა 50%-იან ზრდას აღარ ველით და ვვარაუდობთ დაახლოებით 20%-იან მატებას, რაც ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის 10 მილიარდ ლარამდე ავალთ, რაც 2.5-ჯერ მეტია 2025 წლის შედეგთან შედარებით. გაიზრდება რითეილ სექტორიც, ადგილობრივი ელექტრონული კომერცია კი წილობრივ მაჩვენებელს გაიორმაგეს და 4%-მდე ავა“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.