ფეროშენადნობების პოტენციალი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, შესაძლოა გაიზარდოს, ამის შესახებ ET SYNERGY-ის დამფუძნებელმა მერაბ ლომინაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მსხვილი მეტალურგიული ქვეყნები აქტიურად ეძებენ ახალ მომწოდებელ ბაზრებს, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ფოლადის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი იქნება.
,,ფეროშენადნობთა სფერო და ზოგადად, შენადნობთა სექტორი საკმაოდ მგრძნობიარე დარგებია. მართალია, ჰორმუზის სრუტით დახურვით ფეროშენადნობთა ლოგისტიკური ჯაჭვი არ დარღვეულა, თუმცა ფოლადის ყველა მსხვილი მწარმოებლები ქვეყანა ცდილობს მარაგები გაზარდოს, რადგან მეტალურგია 24 საათიან შრომასა და უწყვეტ პროცესებს მოიცავს. ამიტომაც, მსხვილი მეტალურგიული ქვეყნები ცდილობენ მარაგები დააგროვონ და ახალი მომწოდებელი ბაზრები მოიძიონ.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი, ქართული პროდუქციით უფრო მეტად დაინტერესდებიან“, -აღნიშნა ლომინაძემ.
მისი თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე ქართული ფეროშენადნობთა ინდუსტრიის მზადყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული ფეროშენადნობთა დარგი ამ გამოწვევას მომზადებული დახვდეს. მოგეხსენებათ, რომ ფეროშენადნობთა საწარმოებისთვის საოპერაციო მუშა პროცესის აღდგენა მარტივი საქმე არაა; დღეის მდგომარეობით, 20-მდე საწარმოდან მხოლოდ ექვსი მუშაობს.
მოკლევადიან პერიოდში ოცივე საწარმოს ამუშავება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება; თუმცა, 14 საწარმოდან ნახევარი მაინც შეძლებს მუშაობის აღდგენას, ამის ნიშნები ნამდვილად არსებობს.
ამასთან, საწარმოების აღდგენა ძალიან კარგად დაემთხვევა იმ წყალუხვობის პერიოდს, რომელიც ახლა დგება. იმედი მაქვს, რომ ეს ამოქმედებული საწარმოები სხვა დარგებს, როგორიც არის, მაგალითად, ენერგეტიკა, პრობლემებს არ შეუქმნის.
ამიტომ ფეროინდუსტრიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ელექტროენერგიის დაბინავება, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის შემოდინება და ექსპორტ-იმპორტის დაბალანსება.
მოკლევადიან პერიოდში ვფიქრობ, რომ ქართული ფეროშენადნობი გავა ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვფიქრობ, რომ ევროპული ქვეყნებიც დაინტერესდებიან და მარაგებს ქართული პროდუქციითაც შეავსებენ“, - აღნიშნა ET SYNERGY-ის დამფუძნებელმა, მერაბ ლომინაძემ.