„2023 წლის პირველ 6 თვეში მიწებზე ტრანზაქციების შემცირების მიზეზი უფრო მეტად მიწების ნაკლებად ხელმისაწვდომობაა და არა ინტერესის ნაკლებობა“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა კვახაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიწებზე ყველაზე მეტი ტრანზაქცია 2021 წელს დაფიქსირდა, რაც პანდემიით იყო გამოწვეული. 2023 წელს 2021-თან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, მისი თქმით, მიწის ბაზარი ჯერ კიდევ ახლა ვითარდება და მომავალში უფრო მეტად გააქტიურდება. 

„ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მიწის ბაზრებზე ინტერესი გააძლიერა, პანდემია და პანდემიით გამოწვეული ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმია. ადამიანებს შეგვიძლია სამუშაო დროის ნაწილი სახლში გავატაროთ, ამავდროულად, ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე.

2021 წელს მიწის ტრანზაქციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2019 და 2020 წელთან შედარებით. ხოლო თუ წლევანდელ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია. 

აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი. ერთ-ერთია ის, თუ რამხელა ფართობის მიწაა ხელმისაწვდომი და მეორე, რამდენად არის ინტერესი შენელებული. ინტერესი არ შემცირებულა, შემცირდა ხელმისაწვდომი მიწების ფართობი. აქ მთავარია ის, თუ როგორია მიწოდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მიწის ბაზარმა საქართველოში გააქტიურება ცოტა ხნის წინ დაიწყო და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება ინტერესი მის მიმართ“, - აღნიშნა ირინა კვახაძემ. 

როგორც მან განმარტა, მიწის ფასები ყველა უბანში იზრდება. მიუხედავად ამისა, მიწის შეძენის და ქალაქგარეთ ცხოვრების ინტერესი მაინც მუდმივად მზარდია. 

რაც შეეხება ამ მიმართულებით მიგრანტების როლს, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2022 წელს მიწაზე ტრანზაქციების რაოდენობაში 7% რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5-6% იყო. საქართველოს რეზიდენტებმა კი მიწები ძირითადად გასაქირავებლად იყიდეს.

„მიგრანტების შემოდინების ეფექტი მიწის ტრანზაქციებზე არის ირიბი. იმან, რომ მიგრანტების შემოსვლამ მიწის ქირა გაზარდა, ამან გამოიწვია ის, რომ ბევრმა საქართველოს რეზიდენტმა შეიძინა მიწა გაქირავების მიზნით“, - განაცხადა ირინა კვახაძემ. 

მისი თქმით, პროგნოზები მიუთითებს, რომ ჯერჯერობით მიწის ფასები გაიზრდება, განსაკუთრებით ზრდა იქნება თბილისის შემოგარენში მდებარე მიწების ფასებზე.