ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. საუბრის მთავარი თემა ფასების კორექტირება იქნება.

როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან გოგიბერიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ისედაც მოქმედებს რეფერენტული ფასები და თუ სახელმწიფო მათ სიას გააფართოებს, ისინი ამას დაეთანხმებიან.

„ისედაც მოქმედებს რეფერენტული ფასები, ანუ სახელმწიფო ადგენს. მედიკამენტების დაახლოებით 2/3-ზე უკვე არსებობს რეფერენტული ფასები. როგორც მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს დანარჩენ რაოდენობაზე და შემოღებული იქნება რეფერენტული ფასები. ფასებზე კონტროლი არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ამას ადგენს სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა შემოთავაზება იქნება, რა საშუალებას ნახავს სახელმწიფო,რომ ცვლილებები მოხდეს. თუ საუბარია ისეთ არასამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც ეს რეგულაცია არ ეხება, ეს არის მოვლის საშუალებები, ბავშვთა მოვლის, კვების და ასე შემდეგ, არ ვიცი იქ რა რესურსია, რას საშუალებებს გამონახავს სექტორი, რომ ფასებმა დაიწიოს“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

ipn.ge