MaNa-მ აბრეშუმის შარფების წარმოება ერთი წლის წინ დაიწყო და მომხმარებლის ყურადღება საინტერესო და ორიგინალური დიზაინით მიიქცია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას MaNa-ს წარმომადგენელი ამბობს, თავიდან თბილისის რუკა გადაიტანეს აბრეშუმზე, შემდეგ ფიროსმანისა და ოცხელის მოტივები. გაყიდვაში აქვთ, ასევე, ბალიშის პირები და მიმდინარე წელს ასორტიმენტის გაზრდას და ახალი პროდუქტების, მათ შორის -  პანოების, აბაჟურების, სუფრებისა და ჩანთების წარმოების დაწყებას გეგმავენ.

„წელიწადზე ცოტა მეტია, რაც MaNa შეიქმნა. თავიდან თბილისის რუკით დავიწყეთ. გვინდოდა, რომ შარფზე თბილისის რუკის ჩვენებური ვერსია გადაგვეტანა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს ასეთი ქალაქების რუკიანი შარფები. შემდეგ ფიროსმანის ჩვენებური ვერსიის შარფები გავაკეთეთ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენი შარფები შარშან ფიროსმანის გამოფენაზე კოპენჰაგენში მოხვდა. გვაქვს ასევე შარფები ოცხელის თემატიკაზე. შარფების გარდა ვამზადებთ ბალიშის პირებს და ბევრი გეგმა გვაქვს წინ“, - აცხადებენ MaNa-ში.

მიმდინარე წელს, ახალი პროდუქტების დამატებას გეგმავენ. კერძოდ - სურთ, რომ პანოების, აბაჟურების, სუფრების და ჩანთების წარმოება დაიწყონ.

რაც შეეხება გაყიდვებს, MaNa-ს პროდუქცია ონლაინ და თბილისის რამდენიმე მუზეუმში იყიდება. მათ შორის - ეროვნული გალერეის მაღაზიაში, სახვითი ხელოვნების მუზეუმში, გალერეა „ორნამენტში“ და სასტუმრო „სტამბას“ მაღაზიაში. შარფები 2 ზომაში იყიდება - 70/70 სმ და 90/90 სმ. MaNa-ს აბრეშუმის შარფების ფასები 55 ლარიდან იწყება.