რუსული ენერგეტიკული გიგანტის "Lukoil"-ის ქართულმა შვილობილმა "ლუკოილ ჯორჯიამ" 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 39 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 485 მილიონ ლარს მიაღწია. შემოსავლების ზრდაზე უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება, რაც 2022 წელს არსებული 1.8 მილიონი ლარიდან 2023 წელს 16.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს "ლუკოილის" მთავარ ხარჯს წარმოადგენდა ნავთობპროდუქტების შესყიდვის ღირებულება, რაც კომპანიისთვის 445 მილიონ ლარს შეადგენდა. სახელფასო ხარჯები 10 მილიონი ლარი იყო, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯები 4.6 მილიონი ლარი იყო.

"ლუკოილის" ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის შემოსავლებიდან 308 მილიონი ლარის ნავთობპროდუქტების რეალიზაცია მოხდა საბითუმო ბაზარზე, 175 მილიონის საწვავის რეალიზაცია კი საცალო ბაზარზე. შესაბამისად, კომპანია ძირითადად საბითუმო ბაზარზე არის ორიენტირებული.

2024 წლის 2 თებერვალს, 100%-იანი პირდაპირი საკუთრების წილი კომპანიაში „LITASCO SA“-სგან
„LUKOIL International GmbH“-ს გადაეცა, რომელიც საბოლოოდ „საჯარო სააქციო საზოგადოება
ლუკოილის“ მიერ კონტროლირებულ საწარმოს წარმოადგენს.

"კომპანიას გააჩნია საკუთარი - 24 და იჯარით აღებული - 26 ავტოგასამართი სადგური, ასევე -10
ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია
საქართველოს ყველა რეგიონში.

კომპანიის ძირითადი მომწოდებელია კომპანია LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD, რომელიც
LUKOIL-ის ჯგუფში შემავალი დაკავშირებული კომპანიაა," - ნათქვამია "ლუკოილის" ანგარიშში.

კომპანიის აქტივები 72.5 მილიონ ლარს შეადგენს.

წყარო: bm.ge