Loladze Family Winery-ის ღვინო ავსტრალიაში გაიყიდება. ამის შესახებ Loladze Family Winery-ის დამფუძნებელმა ერეკლე ლოლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ავსტრალიასთან შეთანხმება მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა და პირველი ექსპორტი წლის ბოლომდე განხორციელდება.
გარდა ამისა, ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის ღვინოები "8000 მოსავლის" გერმანიის ფილიალშიც იყიდება.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - ერეკლე ლოლაძის ინფორმაციით, მათი ღვინის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და ასევე, რამდენიმე რესტორანში.
"ჩვენი წლიური წარმადობა 10 000 ბოთლია და რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ღვინოზე მოთხოვნა ძირითადად, სტაბილურია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 10-15%-ით არის გაზრდილი. ჩვენ გვაქვს კერძო შეკვეთებიც, თუმცა პროდუქტის რეალიზაცია ძირითადად ონლაინ ხდება, ვთანამშრომლობთ "8000 მოსავალთან", ასევე 2 რესტორანთან", - აცხადებს ერეკლე ლოლაძე.
ცნობისთვის, Loladze Family Winery მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს. მეღვინეობა ყურძენს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს და საშუალოდ, 5-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს.