საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.

თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.

მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე,იოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა. 

საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა.

შედეგად,8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი)  14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:

  • იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც", მედიკამენტები -  ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
  • იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა,  მედიკამენტი  - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
  • იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალ ნეო  (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
  • იმპორტიორი შპს „ბარდი", მედიკამენტი - არიპრადა;
  •  იმპორტიორიშპს „რიჩ გრუპი",  მედიკამენტი - ზინასენი N60;
  • იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა", მედიკამენტი - ლორნიკუსი ამპულა N1;
  • იმპორტიორი შპს „გეა",  მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
  • იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს - მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას.

ინფორმაციისთვის: 2023 წელს,  სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში  შეთანხმებული ქმედება დადგინდა.  მათ შორის, ფარმაციის ბაზარზე, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის, 2  მოკვლევა მიმდინარე რეჟიმშია -  დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე.