საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 29%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები, 65%-მა უცვლელი დატოვა, ხოლო 6%-მა შეამცირა.

2025 წლის II კვარტალში კი გამოკითხულ კომპანიათა 24% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას, 4% - კლებას, 72% კი-  უცვლელად დატოვებას.

2025 წლის I კვარტალში, ყველა სექტორში კომპანიების თითქმის თანაბარი რაოდენობა აფიქსირებს გაყიდვების ზრდას (23%-დან 29%-მდე შუალედში). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის I კვარტალში გაყიდვების შემცირებას კომპანიათა მაღალი წილი აფიქსირებს ვაჭრობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში (35%-დან 43%-მდე შუალედში). მიუხედავად ამისა, 2025 წლის II კვარტალისთვის კომპანიებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მათ შორის, ყველაზე პოზიტიური მოლოდინი კი ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება.

ცნობისთვის, BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს.