ზაფხულის სეზონი, როგორც მოსალოდნელი იყო უძრავი ქონების სექტორისთვის შედარებით პასიური აღმოჩნდა. ამ პერიოდში, უძრავი ქონების იჯარის ფასებმა 8%-ით იკლო. მიზეზი მოთხოვნის შემცირება გახდა. კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებშიც. რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, ამ ნაწილში ფასები ჯერჯერობით სტაბილური რჩება, რადგან შენარჩუნებულია მოთხოვნა.

უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს ,,კომერსანტის დილაში“. გადაცემაში საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანადამფუძნებელმა ნინო გედევანიშვილმა სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

,,წლევანდელი ზაფხული შედარებით ნაკლებად აქტიური იყო. უძრავ ქონებაზე ფასები შედარებით შემცირდა. ეს სავარაუდოდ გამოიწვია იმან, რომ შემცირდა მოთხოვნა. ზაფხულის მერე დიდი ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა აქტიურობა იმატებს. ზაფხულის დასვენების შემდეგ ყველა დაუბრუნდა საქმიანობას. გადაწყვიტა გაყიდვა, ყიდვა და გაქირავება. რა უფრო ხანგრძლივია პერიოდი, როდესაც ნაკლებია მოთხოვნა მით უფრო მეტი %-ით მცირდება ფასი. ეს დამოკიდებულია როგორ ჩაივლის არჩევნები და შემდეგი პერიოდი.’’- განაცხადა ნინო გედევანიშვილმა.

გადაცემაში ასევე განიხილეს ის გავლენები, რაც დიდი რაოდენობით მიგრანტის შემოსვლამ სექტორზე მოახდინა. ნინო გედევანიშვილის განმარტებით, მიგრანტების ბუმმა გადაიარა და მათმა ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა, რის გამოც გაქირავების სექტორში ფასებმა იკლო.

,,მინდა აღვნიშნო, რომ მიგრანტების ბუმმა (რომლებიც ქირაობდნენ უძრავ ქონებას ან ყიდულობდნენ) გადაიარა. სწორედ ამ ნაკადის შედარებით შესუსტებამ გამოიწვია ფასების კლება, როგორც საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაქირავების ნაწილში, ასევე შესყიდვის ნაწილში. ძალიან ბევრი მიგრანტი დაბრუნდა თავის ქვეყანაში. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია 8%-იანი კლება იჯარის ნაწილში და დაბალი %-ით კლება გაყიდვების ნაწილში. გაზრდილი ფასები ბუნებრივია შემცირდა. უფრო სტაბილურ ეტაპზე გადავიდა უძრავი ქონების ბაზარი.’’- განაცხადა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანადამფუძნებელმა.

უძრავი ქონების სექტორში, ბოლო პერიოდში, ახალი ტენდენცია შეინიშნება, რომელიც კომერციული ფართების ცენტრალური გამზირებიდან მეორეხარისხოვან ქუჩებზე გადატანას გულისხმობს. ნინო გედევანიშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნა ცენტრალურ უბნებზე მდებარე კომერციული ფართების მიმართ მაღალია, შესაბამისად აქ გადატვირთულობა შეინიშნება. ყველა ცენტრალურ უბნებში ვერ ეტევა, ამ ფაქტის გამო, კომერციული ფართების განვითარება ცენტრიდან მოშორებულ ტერიტორიებზე დაიწყო.

,,ყველა კარგი ლოკაცია, რომელიც არის აქტიური უკვე გაქირავებულია. ამ ტერიტორიებზე ვაკანტურ ფართებს ძალიან იშვიათად შევხვდებით. მოთხოვნა ცენტრალურ გამზირებზე და ცენტრალურ უბნებზე კომერციულ უძრავ ქონებაზე კვლავ აქტიურია და ასეთი კარგი ფართების ნაკლებობა გვაქვს. ცენტრალური ქუჩები იმდენად დატვირთულია, რომ განვითარება ინაცვლებს შედარებით მეორე და მესამე მნიშვნელობის ქუჩებზე. საკმაოდ საინტერესო ტენდენცია, რადგან ყველა ცენტრალურ ქუჩებზე ვერ ეტევა და ქალაქი ვითარდება.’’- განმარტავს ნინო გედევანიშვილი.

„კომერსანტის დილაში“ ასევე ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებსა და უძრავი ქონების სექტორზე მის შესაძლო გავლენებზე. სტუმარმა ნინო გედევანიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა უძრავი ქონების ბიზნესზე აისახება და ბუნებრივია, ეს არჩევნებიც  გავლენას მოახდენს, როგორც მოთხოვნაზე ასევე ფასზე. თუმცა ეს მოკლევადიან პერიოდს შეეხება. ნინო გედევანიშვილის თქმით, მცირე დროით შეჩერდება მოთხოვნა, რადგან ადამიანები მოვლენების განვითარებას დაელოდებიან.