ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები მზარდია და სექტორის ბრუნვის 40%-ზე მეტს ტოპ-3 საწარმო ქმნის. ინფორმაციას Galt&Taggart „ხორცისა და ხორცპროდუქტების სექტორის“ მიმოხილვაში აქვეყნებს.
2021 წლის მონაცემების მიხედვით, სექტორში რეგისტრირებული იყო 289 აქტიური ბიზნეს სუბიექტი, საიდანაც მხოლოდ 21 კომპანიაა საშუალო ან მსხვილი ზომის, მათი ბრუნვა 454 მლნ ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 4.9%.
2021 წლის მონაცემებით, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ტოპ კომპანიები შემოსავლების მიხედვით შემდეგი იყო:
ლიდერფუდი - სექტორის მთლიანი შემოსავლების 16% ეჭირა;
ნიკორა - 15%;
კორიდა - 12%;
ვაკე - 7%;
ონიმა - 5%;
მარშე - 5%;
სხვა - 40%.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მომგებიანობა ჩამორჩება ევროპის შესადარი ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ხორცის მოხმარების 14%-იანი ზრდაა მოსალოდნელი FAO-ს მიხედვით. ამასთან, ყველაზე მაღალი ზრდა პროგნოზირებულია განვითარებად ქვეყნებში და ყველაზე მეტად ფრინველის ხორცის მოხმარების ზრდაა მოსალოდნელი. ზოგადად, ხორცის მოხმარების ტენდენციებს განსაზღვრავს ქვეყნის დემოგრაფია, მოსახლეობის ცხოვრების დონე, კულტურული და რელიგიური ფაქტორები, და ა.შ.