„ხინკლის ფაბრიკა“ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე 4 ფილიალითაა წარმოდგენილი დედაქალაქში. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ქსელის მარკეტინგის მენეჯერი ქეთი ქირია ამბობს, „ხინკლის ფაბრიკას“ ხინკლის მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს. მენიუშია 10-ზე მეტი სახის, მათ შორის - შოკოლადის ხინკალი, რომელიც დესერტის სახითაა წარმოდგენილი და ძალიან იზიდავს სტუმრებს, განსაკუთრებით ბავშვებს.

მათ მენიუშია ასევე აზიური ხინკალი აზიური სოუსით, „ფრიტურში“ და კარაქში შემწვარი ხინკალი, ყველიანი ხინკალი ტრიუფელით, ქალაქური, მთიულური, თუშური ხინკალი, ხინკალი სოკოთი, კარტოფილით, ასევე ხინკალი თეთრი და რუხი ცომით და ა.შ.

„პირველი ხინკლის ფაბრიკა 2019 წელს ორბელიანის მოედანზე გაიხსნა. დღეის მდგომარეობით 4 ფილიალი გვაქვს თბილისის მასშტაბით. კონკურენტულ გარემოში „ხინკლის ფაბრიკა“ თავის დამკვიდრებას და განვითარებას ხარისხის სტაბილური დაცვით, ასევე მიწოდების სერვისის მრავალფეროვნებით ახერხებს. სტუმარი თავად ირჩევს როგორი ინგრედიენტებით სურს ხინკალი და ამის მიხედვით უკვეთავს. ჩვენს მენიუშია ასევე შოკოლადის ხინკალი, რომელიც დესერტის სახითაა წარმოდგენილი და ძალიან იზიდავს სტუმარს, განსაკუთრებით ბავშვებს“, - ამბობს ქეთი ქირია.

ხინკლის ფასი 1,2 ლარიდან 2.80 ლარამდე მერყეობს. ყველაზე იაფი კარტოფილის ხინკალია, ყველაზე ძვირი - ყველის ხინკალი ტრიუფელით და ასევე - თუშური ხინკალი. ტკბილი შოკოლადის ხინკლის ფასი კი 12 ლარია და დესერტში შედის 3 ხინკალი „ნუტელას“ და ალუბლის შიგთავსით.

ქეთი ქირია თქმით, „ხინკლის ფაბრიკა“ გაფართოებას და თბილისის მასშტაბით ფილიალების დამატებას გეგმავს. მისი თქმით, სამომავლოდ, ფილიალი შესაძლოა რეგიონშიც გახსნან.