კახეთში, თელავის რიონში სოფელ კისისხევში, 9 ჰექტარზე გაშენებულ ღვინის ტურისტულ კომპლექსს, სადაც განთავსებულია სასტუმრო, ღვინის სოფელი ავთენტიკური შენების ვილებით, ღია და დახურული აუზები, საკონფერენციო სივრცე, ღვინის მარნები, რესტორანი და ღვინის სპა, ჰოტელსტარის გაერთიანებამ საერთაშორისო კურორტის სტატუსი მიანიჭა და დააკვალიფიცირა, როგორც 4-ვარსკვლავიანი რეზორტული ტიპის კომპლექსი.

აღნიშნული სტატუსი საშუალებას იძლევა, რომ განთავსების ქართულ ობიექტებს ვარსკვლავები ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით მიენიჭოს. 2022 წლიდან The Hotelstars Union-მა დაამუშავა და ჩაუშვა საქართველოს ქვე-საიტი, სადაც უკვე განთავსდა პირველი ქართული ვარსკვლავიანი სასტუმროები.

აღსანიშნავია, რომ HOTREC-ი და The Hotestars Union-ი უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან, როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის წევრები, გარდა ხარისხის ნიშნისა და მაღალი ნდობისა, სხვადასხვა რეპუტაციულ ტურისტულ საძიებო არხებზე ისარგებლებენ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის დიდი შრომით და დამსახურებით, მოგვენიჭა ესოდენ საპასუხისმგებლო მაღალი სტატუსი ჰოტელსტარის მიერ. რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარებულ ვიქენით, როგორც 4-ვარსკვლავიანი რეზორტული ტიპის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში. დავაკმაყოფილეთ არც თუ ისე მარტივი კრიტერიუმები და შევუერთდით დიდ ევროპულ სასტუმროების და კურორტების ოჯახს, საიდანაც დიდი იმედი გვაქვს, რომ დიდი გამოხმაურება გვექნება. ახალი კურორტის სტატუსი გაზრდის ჩვენს ცნობადობას საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს შეუწყობს როგორც ბრენდი შუხმანის, ასევე კახეთის რეგიონის განვითარებას,“ - განაცხადა შუხმან ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა.