ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მარტში 108 708 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 230%-ით მეტია. სტატისტიკას ავიაკომპანია ავრცელებს. 

ამავე ცნობით, 2023 წლის იანვარ-მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 32 934 იყო. 

გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც, 2024 წლის 1-ელ კვარტალში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 10 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი. 2023 წლის იანვარ-მარტში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი.

2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით გაზრდილია დატვირთვა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებითაც - 8.9%-ით.

2019 წლის 1-ელ კვარტალში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 99 836 მგზავრი გადაიყვანა. აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს 13 მიმართულებით ასრულებდა.

 ზრდა ფიქსირდება მარტის თვეშიც - 2024 წლის მარტში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 39 227. 2023 წლის მარტში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 11 632 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო 2019 წლის მარტში - 37 724 მგზავრი.