ფოლადის მწარმოებელი ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია „ჯეოსთილმა“ მედიის წარმომადგენლებს საქართველოში 15-წლიანი წარმატებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები გააცნო.
სპეციალურად მედიისთვის გამართული პრეზენტაციისას ჟურნალისტები „ჯეოსთილის“ ისტორიის, განვითარებისა და წარმატების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.
კომპანია „ჯეოსთილი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს ფოლადის ინდუსტრიის აღდგენას დაუდო სათავე, დაიწყო ფოლადის წარმოება, თანამშრომლების მომზადება და მაღალხარისხიანი პროდუქციის გამოშვება.
დღეს „ჯეოსთილის“ წილი ფოლადის წარმოების ადგილობრივ ბაზარზე 45%-ს აღწევს, მის მიერ განხორციელებული ინვესტიციები კი თითქმის 100 მილიონი დოლარია, ხოლო საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 105 მილიონ დოლარს უტოლდება.
როგორც პრეზენტაციისას „ჯეოსთილის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის აღმასრულებელმა შალვა დვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიის მიზანია იყოს ფოლადის პირველი მიმწოდებელი კავკასიის რეგიონში.
„გვინდა, რომ სამშენებლო კომპანიებმა, დეველოპერებმა და საკუთარი სახლის მშენებარე კერძო პირებმა არმატურის შეძენისას უპირატესობა „ჯეოსთილს“ მიანიჭონ და ადგილზე შეიძინონ პროდუქცია“, - აღნიშნა შალვა დვალიშვილმა. მისივე თქმით, მომხმარებელს „ჯეოსთილის“ წარმოების არმატურის შეძენა რუსთავში, კომპანიის საწარმოში შეუძლიათ.
პრეზენტაციის დროს მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ჯეოსთილი“ იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც გარემოსა და საზოგადოების გავლენის მინიმიზაციით მიზნით დანერგა ფოლადის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგიების გამოყენება.
მსხვილ ინდუსტრიულ სექტორში „ჯეოსთილი“ ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მალევე აუწყო ფეხი ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკას ენერგოეფექტურობის მიმართულებით და 4.5 მგვტ მზის პანელები დაამონტაჟა, რითიც ხელს უწყობს გარემოზე ემისიების ზემოქმედებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას. უახლოეს პერიოდში კომპანია ამ მიღწევის მეტად გაუმჯობესებასა და „მწვანე“ და „სუფთა“ ენერგიების გენერირებას გეგმავს არმატურის წარმოებაში.
„ჯეოსთილი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებითაც გამოირჩევა, რომელთაც ამ წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებს რუსთავში. კომპანიის სახელს უკავშირდება რუსთავში არაერთი პარკისა თუ სკვერის გამწვანება, ადგილობრივი სპორტული კლუბების, მათ შორის ნიჩბოსანთა კლუბის მხარდაჭერა, უსახლკარო ბავშვთა დახმარება და მათთვის ახალი სახლის შეძენის დაფინანსება.
პრეზენტაციის ბოლოს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საჯივ ბალაკრიშნანმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მომავალში კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს.
„ადგილობრივი მომხმარებლისთვის თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური პროდუქციის შეთავაზებას ვგეგმავთ. ასევე გვინდა გავზარდოთ წარმოებაში მაღალი ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიების დანერგვა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ეკოწარმოების განვითარებას“, - აღნიშნა მან.
პრეზენტაციას ადგილობრივი მედიასაშუალებების 20-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა.