საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რეგულაცია გონივრული, პროპორციული და სამართლიანი იყოს. მან ამის შესახებ BMG-ის სათამაშო ბიზნესისთვის გამკაცრებულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.

საქმე ისაა, რომ სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება. მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დააინიცირა. მაგალითისთვის, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი ხდება, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით. თუ კომპანიები სანებართვო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ. სხვა დარღვევების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს სამმაგი ჯარიმის დაკისრებას.

გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ ბიზნესი შეგნებულად კანონს არ დაარღვევს, ადამიანური თუ ტექნიკური ხარვეზის გამო ასეთი მაღალი ჯარიმების დაკისრება კი პრობლემაა.

"წესრიგი და პასუხისმგებლობა ამ სექტორისთვის აუცილებელია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ისეთ რეგულაციებს, რომელიც ბაზარს უფრო გამჭვირვალეს და დაცულს და პასუხისმგებლიანს ხდის. თუმცა, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია იყოს გონივრული, პროპორციული და რა თქმა უნდა სამართლიანი. წარმოდგენილი კანონპროექტით სანებართვო პირობების დარღვევისთვის მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები. სახელმწიფოს პოზიციის განმარტება არის, რომ მოქმედი სანქციები აღარ ითვლება საკმარისად შემაკავებლად და ამიტომ საჭიროა გამკაცრება. ჯარიმების ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს შედეგს. პრაქტიკაში ზედმეტად მკაცრი სანქციები ხშირად არ აუმჯობესებს გარემოს, არამედ პირიქით აფერხებს ლეგალური ბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებით, როდესაც საუბარი გვაქვს ისეთ კომპანიებზე, რომლებიც დღესდღეობით არიან წარმოდგენილი საქართველოში და მათი დამფუძნებელი კომპანიები არიან წარმოდგენილი ევროპის უმსხვილეს საფონდო ბირჟაზე. საუბარი მაქვს ისეთზე, როგორიცაა Entain-ი, Flutter-ი, Betsson-ი და ასე შემდეგ. ისინი ყოველთვის თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან, ასრულებენ თავის მოვალეობებს, როგორიცაა AML-ი, KYC და ასე შემდეგ. მაგრამ აქ პრობლემა არის იმაში, უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ტექნიკური ხარვეზი, ასევე პროცედურული უზუსტობა და შესაბამისად ამის გამო დავახრჩოთ ბიზნესი, არ არის სწორი მიდგომა. მიზანმიმართულად არც ერთი ბიზნეს ოპერატორი ამ კანონმდებლობას არ არღვევს შესაბამისად ეს ბიზნესისთვის პრობლემა არ არის. პრობლემაა ის, რომ ელემენტარული შეცდომის გამო არ უნდა იხდიდეს ბიზნესი გაათმაგებულ ჯარიმას",- ამბობს გიორგი მამულაიშვილი.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი არალეგალური ოპერატორების რეგულირებისთვის, რაც სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

"ვთვლი, რომ თუ სახელმწიფოს სურს რეალური შედეგის მიღება მთავარი დარტყმა უნდა წავიდეს არალეგალურ სექტორზე. უფრო მკაცრი სანქციები არის მისაღები იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელ მომხმარებლებზე და არ გააჩნიათ არც B2B, არც B2C ლიცენზია. სწორედ ეს არის ის სეგმენტი, რომელიც ზიანს აყენებს არა მარტო ბიუჯეტს, ასევე თვითონ ბიზნესის იმიჯს აზიანებს სერიოზულად. ლიცენზირებული ბიზნესი იხდის გადასახადებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გადის შემოწმებებს. ბიზნესი არის გამჭვირვალე და სახელმწიფოს აჩვენებს იმას, რომ კეთილსინდისიერად მუშაობს. პრობლემა არის არალეგალური საიტები, რომლებიც დღესდღეობით მუშაობენ როგორც საქართველოდან უცხოელ მომხმარებლებზე და არ გააჩნიათ ლიცენზია, ასევე უცხოეთიდან საქართველოს მომხმარებლებზე და ასევე არ გააჩნიათ საქართველოს ლიცენზია. ეს არის პრობლემა და უმჯობესი იქნებოდა სახელმწიფოს გაეკეთებინა აქცენტი კონკრეტულად ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში იქნება დადებითი ცვლილება ამ კუთხით. რეგულაცია უნდა იყოს მკაცრი, სადაც საქმე გვაქვს უკანონობასთან. შესაბამისად თუ გონივრული ცვლილება გვინდა ეს უნდა ეხებოდეს კონკრეტულად იმ არალეგალურ ოპერატორებს, რომლებიც დღესდღეობით არღვევენ კანონს და ბალანსს სექტორში.

ჩვენ რასაც ვითხოვთ არის, რომ დაისაჯოს არალეგალური ოპერატორები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოდან საკმაოდ დიდი ტრაფიკი მიაქვთ და სოციალურ ფონს საკმაოდ აზიანებენ. თუმცა ჯარიმების განხილვის საშუალება თუ გვექნება [სახელმწიფო უწყებებთან] რა თქმა უნდა ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ ყოველთვის, როგორც აქამდე ვაფიქსირებდით",- აცხადებს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი.

წყარო: bm.ge