საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

GCCA-ის ოფისში გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და მედიცინის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ირაკლი ლექვინაძემ მოადგილე ლევან კალანდაძესთან და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, სერგო სანიკიძესთან ერთად, ახალგაზრდებს სააგენტოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მათ შორის, საუბარი შეეხო კონკურენციის მნიშვნელობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ანტიდემპინგურ ღონისძიებებსა და სტრატეგიული ბაზრების მიმდინარე მონიტორინგებს.

GCCA კონკურენციასა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პერმანენტულად მართავს.