"იას მეღვინეობა" ინგლისის და აშშ-ის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა და დირექტორმა ია იმერლიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ მიმართულებებზე, პირველი ექსპორტი, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში განხორციელდება. 

მისივე ინფორმაციით, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო მიმართულებებზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.

"წელს კარგი მოსავალი გვაქვს და მოგვეცა საშუალება 5000 ბოთლამდე ღვინო ვაწარმოოთ. ჩვენს მეღვინეობას ჯამში 6 დასახელების ღვინო აქვს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. ამჟამად ექსპორტზე პოლონეთში და გერმანიაში გავდივართ, თუმცა პარალელურად ვმუშაობთ უფრო დიდ ბაზრებზე. ჩვენი წარმადობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ამ მიმართულებების განვითარება გვსურს. ამ ეტაპზე ექსპორტზე ჩვენი წარმოების 30% გადის.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - ჩვენი ღვინო წარმოდგენილია, სხვადასხვა მაღაზიაში და ასევე, ბარ-რესტორნებში. გარდა ამისა, ადგილზე მარანში ვმასპინძლობთ სტუმრებს, სადაც მათ დეგუსტაციასთან ერთად ღვინის შეძენაც შეუძლიათ", - აცხადებს ია იმერლიშვილი. 

ცნობისთვის, საოჯახო მეღვინეობა "იას მარანი", რომელიც ქვევრისა და კლასიკური, ევროპული სტილის კრაფტ ღვინოს აწარმოებს, გურჯაანში მდებარეობს. მეღვინეობა ნედლეულს საკუთარი ვენახებიდან იღებს. "იას მარანი" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. 

ბიზნესპარტნიორი