ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“ 1 ივლისიდან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდის ბრენდის, Heineken-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი ხდება საქართველოში.
შეთანხმების საფუძველზე „ზედაზენი“ ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგენს Heineken-ის ფართო პორტფელს, რომელშიც შედის ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Heineken, Amstel, Krusovice და სხვა. პირველ ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფს ამ ბრენდების იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
როგორც ცნობილია, Heineken, 1864 წელს დაარსებული კომპანია, უკვე 150 წელზე მეტია, ხარისხის, სტაბილურობისა და საერთაშორისო აღიარების სიმბოლოა. დღეს Heineken ლუდის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის პროდუქცია 190-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და 300-ზე მეტ გლობალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს.
„ჰაინეკენი“ საქართველოში აღიარებულია არა მხოლოდ პრემიუმ ბრენდად, არამედ ლუდის კატეგორიის ეტალონადაც, რომელიც ხარისხის, სტანდარტებისა და გემოვნური მახასიათებლების განმსაზღვრელია. მისი დამატება „ზედაზენის“ პორტფელში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის ბრენდის ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთვის, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს „ზედაზენის“ პოზიციებს პრემიუმ სეგმენტში.
კახაბერ კოტრიკაძე, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი: „Heineken-ის წარმომადგენლობა საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის წარმატების აღიარებაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ზედაზენის“ იმიჯისა და ბიზნესის ქვეყნის გარეთ ზრდაში.
ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ განვითარებას, ისე ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონული სასმელების ჰაბად“.
წარმომადგენლობის აღნიშნული ცვლილება უკავშირდება ბოლო დროს განხორციელებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციას: 2025 წლის 22 მაისს „დეილი ჯგუფსა“ და Tempo Beverages Ltd-ს (ტემპო ჯგუფი) შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად „ტემპო ჯგუფი“ „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტის – 60%-ის – მფლობელი გახდა.
„ტემპო ჯგუფი“ სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიაა ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ სწორედ Heineken, რომელიც თავადაც ფლობს წილს „ტემპო ჯგუფში“.