25 სექტემბერს, ბათუმში კურიერების მსვლელობა იყო, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიმბოლიკებით გადაადგილდებოდნენ.
მსვლელობაში მონაწილე კურიერებს ასევე ჰქონდათ „გლოვოს“ და „ვოლტის“ სიმბოლიკებიც.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, აღნიშნული საკურიერო კომპანიები ოფიციალურად არიან ჩართული „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, თუ ეს არის ცალკეული კურიერის ინდივიდუალური გადაწყვეტილება?
Glovo და Wolt-ის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ არ ადასტურებენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.
„არა, ოფიციალურად ნამდვილად არ არის კომპანია ჩართული, ჩვენ პარტიულ კამპანიებში ჩართვის უფლებას არ ვაძლევთ კურიერებს, თუ ვინმე ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მაშინ „ვოლტის“ მაისური არ უნდა ეცვას და კომპანიის ემბლემა არ უნდა ჩანდეს. ძალიან ცუდია თუ ჩანდა სადმე ჩვენი კომპანიის ნიშანი“, – ამბობს „ვოლტის“ წარმომადგენელი „ბათუმელებთან“.
„გლოვოს“ წარმომადგენელმაც უარყო კომპანიის სახელით „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში კურიერების მონაწილეობა.
საკურიერო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კურიერებს საარჩევნო კამპანიაში მათი ლოგოს გამოყენების უფლება არ აქვთ.
„ბათუმელები“ ესაუბრა „ვოლტის“ ერთ-ერთ კურიერს ჯაბა გორგილაძეს, რომელიც ამბობს, რომ „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე პირადად მას არაფერი სმენია.
„მე პირადად, ძალიან რადიკალურად ვარ განწყობილი “ქართული ოცნების” მიმართ – უცხოელების აყვანა დაიწყეს კომპანიებმა მას შემდეგ, რაც ჩვენი შემოსავალი შემცირდა.
ძალიან გაკვირვებულიც და აღშფოთებულიც ვარ ამით. ასე თუ გაგრძელდა 20-30 წელიწადში სტუმრები ვიქნებით ჩვენივე ქვეყანაში. ქართულად მოლაპარაკე პერსონალიც კი ჭირს უკვე გარკვეულ ბიზნესებში და ასეთ მოცემულობაში წარმოუდგენელია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა.
700 კურიერი ვართ და ის ვინც „ოცნების“ მხარდასაჭერად გამოვიდა დღეს, რეალურად ზღვაში წვეთია. საბედნიეროდ, ბევრად მეტია ადეკვატურად მოაზროვნე საზოგადოება, ვინც მიიჩნევს, რომ „ოცნება“ არ არის ის პარტია, ვინც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანს. მათ არ სურთ უკეთესი მომავალი ჩვენთვის.
ქალაქი პატარაა და შესაძლოა რომელიღაცა მერის წარმომადგენლის ან საკრებულოს წევრის ახლობელია ის, ვინც გამოვიდა ამ მსვლელობაზე, ვიღაცის ხათრით ალბათ, შესაძლებელია თანხაც გადაუხადეს, ან შესაძლოა მართლა მოსწონთ ეს პარტია, არ ვიცი.
მე, პირადად, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოს ვაყენებ წინ და მერე პარტიებს. რეალურად, დღეს ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს.
მე, პირადად, ბოიკოტს ვუცხადებ „ოცნების“ მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან არანაირი აზრი არ აქვს მათ მიერ ჩატარებულ „არჩევნებს“, – ამბობს ჯაბა გორგილაძე.