თერჯოლაში რესტორანი „რძლები“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება „ჯიაიზეტის“ (GIZ) ბენეფიციარი გახდა და გრანტის მეშვეობით პროფესიონალური სამზარეულოს ტექნიკა შეიძინა, რესტორნის დამფუძნებლებმა ქეთო ფუთურიძემ და ელა შოთაძემ ცალკე სამზარეულო და ფურნე ააშენეს და კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული სახასიათო მენიუთი დღეს მეორე სეზონს ხსნიან. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ქეთი ფუთურიძე ამბობს, 5 000-ევროიანი დაფინანსება მიიღეს და ეს თანხა განვითარებაში ძალიან დაეხმარათ.
„წელს გავფართოვდით, ევროკავშირის გრანტი მივიღეთ, 5 000 ევრო, გერმანიის საელჩომ დაგვაფინანსა. ამ თანხით ცალკე ავაშენეთ სამზარეულო და ფურნე, სადაც გამოვაცხობთ ხოლმე ხაჭაპურებს, პურებს, მჭადებს, შევწვავთ წიწილას და ა.შ. სამზარეულო რომ ცალკე გავიტანეთ, ფართი გამოგვითავისუფლდა, შიდა სივრცე გაიზარდა და მაგიდები დავამატეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ზამთრის სეზონზეც მივიღოთ სტუმრები. მხოლოდ 2 თვით გავჩერდებით და თებერვლის ბოლოს ისევ გავიხსნებით“, - აცხადებს ქეთო ფუთურიძე.
როგორც თვითონ ამბობს, აქამდე 5 მაგიდა გვქონდა, ახლა 9 აქვთ და უკვე 60 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება მენიუს, რძლები სხვა იმერულ კერძებთან ერთად, სტუმრებს მაყვლის ჭრიანტალს, სახლში დამზადებულ ძეხვს, შებოლილი ბოსტნეულის ფხალს, ხრაშუნა მჭადის ჩუროსებს შესთავაზებენ. ფასები 8 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს.
„უფრო გავაფართოვეთ მენიუ, ძველი რეცეპტები მოვიძიეთ და გავაცოცხლეთ. გვაქვს მაყვლის ჭრიანტელი, წვნიანივითაა - მაყვლით, კიტრით და ხახვით მზადდება. ძველი იმერული კერძია. მენიუშია ასევე ჩვენი დამზადებული ძეხვი, რომელიც ასევე ძველი რეცეპტით კეთდება, ზემო იმერეთში საქონლის ხორცისგან აკეთებდნენ ასეთ ძეხვს. აპეტაზიერებად ფხალეულები შემოვიტანეთ, მაგრამ ამ ფხალეულს ჩვენებურად ვამზადებთ, შებოლილი ბოსტნეულის ფხალს ვაკეთებთ. ასევე გვაქვს ხრაშუნა მჭადუკები - ჩუროსები ნიგვზით, რომელიც ნადუღის და ხახვის დიფთან ერთადაა მენიუში“, - გვიყვება ქეთო ფუთურიძე.
რაც შეეხება ღვინოს, „რძლები“ საოჯახო მაკარიძეების მარნის ღვინოს შესთავაზებს სტუმრებს და ზაფხულის სეზონზე ღვინის დეგუსტაციებსა და მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.