მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურს არაერთხელ კორექტირებული პროექტის ბოლო ნებართვა 2022 წელს აქვს გაცემული. ჯერ კიდევ 2008 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც ძველ თბილისში მირზა შაფის ქუჩის აღდგენას ისახავდა მიზნად, თბილისის მერიამ არაერთხელ დაიწუნა, პროექტი დაიწუნეს ხელოვნებათმცოდნეებმა და არქიტექტორებმაც. მათი თქმით, ინვესტორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი აბსოლუტურად არ შეესაბამება ძველ თბილისში არსებულ გარემოს და ის კვარტალური ტიპის დასახლებას ჰგავს. ინვესტორი კომპანია მირზა შაფის ქუჩაზე ასმილიონიანი პროექტის, „სამეფო ბაღების“, განხორციელებას აპირებდა.
წლების განმავლობაში არაერთხელ დაწუნებული და შეცვლილი პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე შემდეგი კონცეფციით მიმდინარეობს:
„განსახილველად წარმოდგენილია მრავალფუნქციური კომპლექსის „სამეფო ბაღების“ არქიტექტურული პროექტი, შპს „აპოლო გ.ს“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე მირზა შაფის ქუჩის მიმდებარედ. საპროექტო ტერიტორიის ფართობი შეადგენს 9200 კვ.მ-ს. ტერიტორიას ესაზღვრება კლდოვანი მასივი. საპროექტო ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 2114 კვ.მ განთავსებულია უშუალოდ კლდოვანი მასივის თავზე. საპროექტო ტერიტორიის უკიდურეს მაღალ და უკიდურეს დაბალ წერტილებს შორის სხვაობა წარმოადგენს 37,40 მ-ს. თავად საპროექტო ტერიტორიის ნაწილი (7086 კვმ) წარმოადგენს საზოგადოებრივ–საქმიან ზონას (სსზ–2) ხოლო მეორე ნაწილი (2114 კვმ) სარეკრეაციო ზონას (რზ–2).
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს „მირზა შაფი“-ს ქუჩაზე (რომელსაც მივყავართ ბოტანიკურ ბაღში) და გადმოჰყურებს ძველ ქალაქს, მტკვარს და ნარიყალას ციხესიმაგრეს. პროექტი გულისხმობს სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. დანიშნულების მიხედვით პროექტი მოიცავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ლუქს კლასის აპარტამენტებს, საცხოვრებელ, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს; საქმიან სექტორს, საზოგადოებრივი და სავაჭრო ფუნქციებით.
დაპროექტებული კომპლექსი წარმოადგენს ტერასულად დანაწევრებულ არქიტექტურას (მსგავსად ძველი თბილისის ბანიანი საცხოვრებელი სახლებისა), რომელიც ორიენტირებულია თბილისის მნიშვნელოვან ხედებზე (ნარიყალა, მეტეხი, აბანოთუბანი). ეს დატერასება და მისი ორ სართულიან მოდულებად დანაწევრება გვაძლევს საშუალებას, რომ კომპლექსი არ აღიქმებოდეს ერთიან მასად, რაც ამ არსებულ გარემოსთვის მიუღებელია. კომპლექსში შემოვიტანეთ რაც შეიძლება მეტი სიმწვანე, რომელიც გადანაწილდა ტერასებზე“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, პროექტის ვადები არაერთხელ გახანგრძლივდა და ბოლო მონაცემებით 2025 წელს დასრულდება.
კომპანია შპს „აპოლო გ.ს“ 2010 წელს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი გიორგი ჯანიბეგაშვილია, „აპოლო გ.ს“-ის 70% ბიზნესმენი გიორგი სვანიძე, 30%-ს კი გარი სვანიძე ფლობენ.