GEPHERRINI-ის პროდუქცია იაპონიის ბაზარზე იყიდება. როგორც ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, კომპანიამ აღნიშნულ ქვეყანაში პირველი ექსპორტი სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა და დაინტერესება საკმაოდ კარგია.
მისივე ინფორმაციით, GEPHERRINI-ის პროდუქცია იაპონიის ბაზარზე, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ადგილობრივ ონლაინ პლატფორმაზე იყიდება.
"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე სტაბილურია. ამჟამად, ჩვენი პროდუქციის, დაახლოებით, 70% ექსპორტზე, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ზოგადად, გაყიდვების მაჩვენებლის შეფასება ამ ეტაპზე გამიჭირდება, ძირითადად დეკემბერში ვაკეთებთ ხოლმე ანალიზს, თუმცა წინასწარი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენი კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 5%-ით გაიზარდა.
აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენებში და მოდის ჩვენებებში უცხოეთში. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად, ექსპორტზე, დაახლოებით, 13 ქვეყანაში გავდივართ, მათ შორის, აზიაში ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ჩინეთი, ინდონეზია და იაპონია", - აცხადებს ილია გეფერიძე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს - GEPHERRINI ცდილობს, რომ როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრების მიმართულებით განვითარდეს. მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელი ბიზნესისთვის გარდამტეხი იყო და შესაბამისად, კომპანია ახალი ხაზის დამატებას, ან ასორტიმენტის გაზრდას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის, მათ შორის, ჩინეთში, სადაც Gepherrini 2 ფიზიკურ მაღაზიას ფლობს და ასევე, ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია.