საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
- მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით“ გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.
- მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“ - ნათქვამია ინფორმაციაში.