საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებითა და საკუთვნოებით საბითუმო ვაჭრობის სექტორში, ფ/პ იური კოროტჩენკოს მიერ შპს „აგრო მოტორსის“ 40%-იანი წილის საკუთრებაში მიღების გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
GCCA-ის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებითა და მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 120-მდე ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 698 294.23 ლარი.
შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი გაუტოლდა 651.82 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ამასთანავე, რადგანაც იური კოროტჩენკოს კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე არ საქმიანობდნენ სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებითა და საკუთვნოებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად კონცენტრაციის (HHI) ინდექსი არ შეიცვლება.შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თანხმობა გასცა 8 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.