რუსეთის სახელმწიფო გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ 2024 წელი დაასრულა 1,07 ტრილიონი რუბლის (12,89 მილიარდი დოლარი) წმინდა ზარალით (რუსული სააღრიცხვო სტანდარტების მიხედვით). ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.
ზარალი ძირითადად განპირობებული იყო „გაზპრომ ნეფტის“, გაზპრომის ნავთობის სამმართველოს აქციების, საბაზრო ღირებულების შემცირებით.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაზპრომის ზარალი გაორმაგდა. „გაზპრომი“ ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად აპრილში გამოაქვეყნებს.
ცნობისთვის, 2023 წლის შედეგების მიხედვით, გაზპრომმა პირველად 25 წლის განმავლობაში მიიღო რეკორდული წმინდა ზარალი 6,1 მილიარდი დოლარის ოდენობით (IFRS-ის მიხედვით) და გახდა ყველაზე წამგებიანი კომპანია რუსეთში.
მას შემდეგ, რაც 2025 წელს უკრაინაში ტრანზიტი შეწყდა, რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდების ერთადერთი გზა დარჩა თურქული ნაკადი. თუმცა, გაზპრომის ექსპორტი ევროპაში უკვე 80%-ზე მეტით შემცირდა 2021 წელთან შედარებით.