ზვიად თოიძის, სამშენებლო კომპანია „ინსის“ ხელმძღვანელის თქმით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე არასრულყოფილი სფერო იყო, სადაც არ არსებობდა სტანდარტიზაცია, სწორი ფასების ფორმირება და მდგრადი ბიზნესმოდელები.

მიმდინარე რეფორმები კი კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, რეალური მოგება გაუჩნდეთ, შექმნან დამატებითი ღირებულება და თავიანთი განვითარების პოტენციალი სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე გაზარდონ.

როგორც თოიძე რადიო "კომერსანტის" ეთერში ამბობს, ბოლო ორ წელიწადში მშენებლობა 26%-ით გაძვირდა. 

,,ბოლო 30 წელია, სავარაუდოდ, ერთადერთი სფეროა მშენებლობა, რომელშიც რეფორმა არ განხორციელებულა. გარედან მშენებლობა ზედმეტად მოგებიანი ჰგონიათ, ამ დროს პირიქით არის. არ ვსაუბრობ დეველოპერებზე, ეს ეხება ინფრასტრუქტურულ მშენებლობებს.

იყო მოძველებული სტანდარტები, არასწორი ფასწარმოქმნა. შესაბამისად, კომპანიები შედიოდნენ პირამიდებში და პატარა კრიზისის შემთხვევაშიც კი ძალიან დიდი ვალები ედებოდათ. ახლა რასაც მინისტრი საუბრობს, პრემიერთანაც გვქონდა შეხვედრები, მიდის პირველი რეფორმა საქართველოში. ეს კომპანიებს მისცემს საშუალებას, გაუჩნდეთ მოგება, დამატებითი ღირებულება, რათა იფიქრონ განვითარებაზე, გაზრდაზე, თავიანთი უზრუნველყოფა ჰქონდეთ და სახელმწიფო აღარ დასჭირდეთ. იმ შემთხვევაში, თუ რეფორმა დროულად განხორციელდება, 3 წლიანი გარდამავალი პერიოდი აბსოლუტურად საკმარისი იქნება, რომ შემდგომში „თეთრი სიის“ გადახედვა მოხდეს და შესაძლებელია, უმეტეს შემთხვევაში, ისე გაძლიერდნენ ქართული კომპანიები, საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა საჭირო აღარ იყოს.

რეგულირებულია, რომ კომპანიას აქვს 8%-იანი მოგება. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში მშენებლობა 26%-ით არის გაძვირებული. ამდენად, ინდექსაცია კომპანიებისთვის აუცილებელია. ხარისხიანი ურთიერთობა უნდა არსებობდეს, რომ ხარისხიანი პროდუქტი მივიღოთ. უკვე ასეთ პირობებშიც თუ რომელიმე კონტრაქტორი მაინც არ შეასრულებს ვალდებულებებს, რასაკვირველია, სექტორს უნდა გამოეთიშოს",- აღნიშნა ზვიად თოიძემ.