ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების სტაბილური ზრდა, უცხოელი ინვესტორების მზარდი ინტერესი და ხარისხზე ორიენტირებული ახალი სტანდარტები - დეველოპერული კომპანიების შეფასებით, სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ BM.GE-სთან კომენტარები უძრავი ქონების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასები სტაბილურად, დაახლოებით 5–10%-ის ფარგლებში იზრდება და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

მისი თქმით, ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია, რასაც ადასტურებს უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმიც - განსაკუთრებით უცხოეთიდან, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან გაზრდილი ინტერესის ფონზე.

“ბოლო სამი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასები სტაბილურად იზრდება - 5–10%-ის ფარგლებში, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება, რადგან მოთხოვნა სტაბილურია. უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმიც ადასტურებს უცხოეთიდან, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან, ინტერესის ზრდას.

დღეს წარმოდგენილი ვართ თბილისის თითქმის ყველა უბანში, ასევე ბათუმში, ბაკურიანში, სიონის ტბის ტერიტორიასა და რუსთავში, რაც კომპანიის საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით დივერსიფიცირებულს ხდის. პარალელურად, ვახორციელებთ პროექტს და უახლოეს მომავალში მუშაობას მაიამიშიც დავიწყებთ. მიუხედავად საერთაშორისო გაფართოების ამბიციებისა, მოკლევადიან გეგმებში ჩვენი ძირითადი ფოკუსი კვლავ საქართველოს ბაზარზე“, - აცხადებს ხეცურიანი.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი შეფასებით ბაზარზე არაერთი გამოწვევაა, მათ შორის კომპანიების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება, რაზედაც ის დასძენს, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს კომპეტენციისა და ხარისხის განვითარებაზე.

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ დირექტორის მოადგილის, მამუკა იმედაშვილის შეფასებით, ქართულ უძრავ ქონებაზე უცხოელი ინვესტორების ინტერესი აშკარად იზრდება. მისი თქმით, არსებული კვლევები მიუთითებს როგორც გაყიდვების ფასების, ისე ბაზრის საერთო დინამიკის ზრდაზე, რაც მომავალშიც გაზრდილ ინტერესს განაპირობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველების მხრიდან.

“უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი იზრდება. ყველა კვლევა გვეუბნება, რომ უძრავ ქონებაში გაყიდვების ფასები და დინამიკა მზარდია. ეს ყველაფერი საერთო ჯამში კრავს იმას, რომ ინტერესი სამომავლოდ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელების მხრიდან გაიზრდება ქართულ ბაზარზე.

ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ვფიქრობ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენი პროდუქტებით დაინტერესება იქნება ჩვენთვის გამოწვევა. მიმდინარე წელს, ვფიქრობ რომ ბოლო სამი წლის მაგალითზე ფასები სტაბილურად იზრდება და ეს მიმდინარე პროცესია. ვფიქრობ, რომ ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელსაც ფასების ზრდა 5-6%-ის ჭრილში იქნება“, - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე.

„ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს და საშუალოდ 5%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შეფასებით, ყველა ძირითადი პარამეტრი მიუთითებს, რომ ინდუსტრია მომავალშიც განაგრძობს განვითარებას და უფრო მაღალ ნიშნულებს მიაღწევს.

ფხაკაძე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მუშახელის დეფიციტს ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის მხრიდან უკვე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რაც, მისი მოლოდინით, მოკლევადიან პერიოდში შედეგს გამოიღებს. ფასების ზრდას კი იგი ახალ რეგულაციებს უკავშირებს - ენერგოეფექტურობისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით გამკაცრებულ მოთხოვნებს, რაც პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი დღეს შესაძლოა მეტს იხდიდეს, სანაცვლოდ იღებს უფრო ხარისხიან და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროდუქტს.

“მუშახელი არის ერთ-ერთი გამოწვევა, თუმცა ამ მიმართულებით როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და ვფიქრობ, ეს შედეგს გამოიღებს და შევძლებთ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს პრობლემა გადავჭრათ. რაც შეეხება ფასებს, ფასები ზრდა გარდაუვალია, რადგან შემოდის ახალი რეგულაციები ჩვენს ქვეყანაში, ეს იქნება ენერგოეფექტურობის მიმართულებით, სამშენებლო მასალების მიმართულებით, რაც განაპირობებს იმას, რომ უფრო ხარისხიანი პროდუქტი იქმნება და ეს პროდუქტის თვითღირებულებაზეც აისახება. შეიძლება მომხმარებელი დღეს უფრო მეტს იხდიდეს, ვიდრე 2-3 წლის წინ, თუმცა ისინი უფრო ხარისხიან პროდუქტს იღებენ”, - თქვა მან.

რაც შეეხება გეგმებს, ვასილ ფხაკაძის განცხადებით, კომპანია უახლოეს პერიოდში ახალი პროექტების დაანონსებას საქართველოს ფარგლებში გეგმავს. ამასთან, „ბიოგრაფი ლივინგი“ პარტნიორებთან ერთად მუშაობს საერთაშორისო ბრენდების შემოყვანაზე, რაც, მისი თქმით, ქვეყნის პოპულარიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

წყარო: bm.ge