თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, სასტუმრო "თბილისი პარაგრაფი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას "პარაგრაფ თბილისის" სასტუმროში რესტორან „Cheesefarm”-ის გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო "პარაგრაფთან". ფართი, სადაც მდებარეობს აღნიშნული რესტორანი, არ ეკუთვნის "პარაგრაფ თბილისს", ის არასოდეს ყოფილა სასტუმროს ნაწილი. რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრშიც,“-ნათქვამია სასტუმრო "თბილისი პარაგრაფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თბილისში, რუსული Novikov Group-ი რესტორნების ქსელის „სიროვარნაიას“ ფილიალის გახსნას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს და რუკაზე რესტორნის ადგილმდებარეობად თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „პარაგრაფ თბილისს“ უთითებს.
კომპანიამ ვაკანსიები უკვე გამოაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „თბილისში რესტორნის გახსნა მიმდინარე წლის ნოემბერში არის დაგეგმილი, რომლის სახელწოდებაც „Cheese Farm“ იქნება.”