რუსეთში უკვე ფიქსირდება ყოფილი დსთ-ს ქვეყნების მძღოლების - მათ შორის ქართველების, ყირგიზების, ყაზახებისა და სომეხების - დეპორტაციისა და დაჯარიმების შემთხვევები.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი, პაატა ცაგარეიშვილი "კომერსანტთან" ინტერვიუში ამბობს, რომ  ახალი წესების მიხედვით, 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაჭარბება ავტომატურად იწვევს დეპორტაციის რისკს, რაც რეალურად თითქმის ყველა საერთაშორისო გადამზიდველს ეხება, ბელორუსების გარდა; ეს იმ ფონზე, როცა

რუს ტრაილერის მძღოლებს საქართველოში 365 დღით დაყოვნების უფლება აქვთ, ქართველ მძღოლებს რუსეთში - 90 დღით.

,,უკვე ფიქსირდება დეპორტირებულებიც და დაჯარიმებულებიც. ეს ზეწოლა ეხება არა მხოლოდ ქართველ, არამედ მაგალითად, ყირგიზ, ყაზახ, სომეხ მძღოლებს, ყოფილი დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებს. შეზღუდვა მხოლოდ ბელორუსის მოქალაქეებს არ ეხებათ.

რასაც რუსეთში საუბრობენ, რომ 90 დღის გადაჭარბების შემთხვევაში დეპორტაცია ემუქრება ნებისმიერ მძღოლს, დღეების ეს რაოდენობა ძალიან მარტივად გადასალახია იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ რეისს დაახლოებით 20-25 დღე სჭირდება. ამასთან, ზემო ლარსის გასასვლელში ხშირად 10-14 დღიანი რიგია. საკმარისია წელიწადში 4 გადაზიდვა შეასრულოს მძღოლმა, რომ 90 დღე ივსება და მე-5 გადაზიდვისას უკვე დეპორტაცია ემუქრება.

თუ რუს მძღოლს 365 დღით დაყოვნება შეუძლია ჩვენთან, რატომ არ შეიძლება, იგივე მოხდეს საქართველოს მოქალაქისთვის?",- აღნიშნა ზაქარეიშვილმა რადიო "კომერსანტის" ეთერში. 

ცაგარეიშვი ეჭვობს, რომ რუსეთი  ამ გზით ცდილობს, ქართული გადამზიდავი კომპანიების წილი რუსულ კომპანიებს მიათვისებინოს. ფაქტობრივა, ქართველი მძღოლები კარგავენ ლოგისტიკურ ჯაჭვს, რომლის შექმნაზეც წლები მუშაობდნენ. 

,,დომინირებს აზრი, რომ რუსეთის მიზანია, მსხვილი გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც საქართველოდან რუსეთში მაგალითად, ხორბლის, ღვინის გადაზიდვას აწარმოებენ, რუსული სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდნენ. მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის ევროპის კარი დაიკეტა, ძალიან ბევრი სატრანსპორტო საშუალება უმოქმედოდაა. ამ შეზღუდვით, ქართველი გადამზიდავი ავტომატურად გამოდის რუსეთის სივრციდან და ჩნდება იქაური სატრანსპორტო საშუალება.

ფაქტობრივად, ქართველ მძღოლს დღეს ართმევენ იმ ლოგისტიკურ ჯაჭვს, რომელსაც წლების მანძილზე აგებდა და ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებენ",- აღნიშნავს პაატა ცაქარეიშვილი.