აზარტული თამაშების შვედური კომპანია Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია Evolution Georgia გასული წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 29 მილიონი ლარით, 201 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 2 მილიონი ლარით, 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
Evolution Gaming-ს ყველაზე მეტი, 6.8 ათასი დასაქმებული საქართველოში ჰყავს, რომელთა ხელფასებზე გასულ წელს 133.7 მილიონი ლარი დახარჯა, რაც ერთ დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 19,595 ლარს, თვეში 1633 ლარს ნიშნავს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-ის გარეშე საშუალო ხელფასი 1,306 ლარია.
Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს, რაც გულისხმობს მათ ვებ გვერდებზე ლაივკაზინოს ტექნიკურ უზრუნველყოფას და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას. კომპანიას აქვს სტუდიები, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოსთვის მრავალენოვანი კაზინოს სერვისის მიწოდება ხდება. შესაბამისად, Evolution-ი აზარტული თამაშების სექტორში ოპერირებს, მაგრამ თავად ის კაზინოს არ წარმოადგენს.
2023 წელს Evolution Gaming-ის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მისი წმინდა მოგება კი 1 მილიარდ ევროს აღემატებოდა.
ქვეყნების მიხედვით, Evolution-ის დასაქმებულთა რიცხვი ასეთია:
საქართველო - 6,823 დასაქმებული;
ლატვია - 3,151 დასაქმებული;
აშშ - 2,662 დასაქმებული;
მალტა - 1,391 დასაქმებული;
რუმინეთი - 850 დასაქმებული;
კანადა - 591 დასაქმებული;
ესპანეთი - 578 დასაქმებული;
სომხეთი - 442 დასაქმებული;
ბულგარეთი - 211 დასაქმებული;
შვედეთი - 173 დასაქმებული;
პოლონეთი - 119 დასაქმებული;
ტაივანი - 63 დასაქმებული.
ცნობისთვის, Evolution Georgia-ს დასაქმებულთა უმრავლესობა უკვე მეორე თვეა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და გაფიცვას მართავენ. აქციების საპასუხოდ, კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოში საქმიანობის შეზღუდვას არ გამორიცხავენ.