შპს ,,ბაქანის“ ადმინისტრაციის მენეჯერი ზაქრო ნოზაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე არც ერთი მონაკვეთი დაზღვეული არ ყოფილა. მისი განმარტებით, დაზღვევას ვადა გაუვიდა. თავდაპირველად სადაზღვევო კომპანიებმა უარი განაცხადეს, თუმცა ახლა მიმდინარეობდა შენობა-ნაგებობის დასაზღვევად საჭირო პროცედურები. კერძოდ, ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში გაგზავნილი იყო საბუთები.
,,სახელმწიფოს მხრიდან როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დაზღვეული ყოფილიყო, მაშინ დავაზღვიეთ ბაზარი მთლიანად. თუ არ ვცდები ან წელს, ან შარშან დაზღვევას გაუვიდა ვადა. ჩვენ ვაპირებდით დაზღვევას. თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიამ უარი გვითხრა. შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან და შესაბამისად გავამზადეთ საბუთები. იყო პროცესში. ასე, რომ დაზღვეული ამ ეტაპზე არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი. ოფიციალური დაზღვევა არ გვაქვს. ისე შეტანილი იყო საბუთები სადაზღვევო კომპანიაში და მზადდებოდა.’’- აცხადებს შპს ,,ბაქანის“ ადმინისტრაციის მენეჯერი.
ზაქრო ნოზაძე ამბობს, რომ შპს ,,ბაქანის“ ზარალი მინიმუმ 5 მილიონი ლარია. მისივე თქმით, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა და მოვაჭრეების პროდუქტები, ასევე საწყობების სრულად დამწვარია.
,,ჩვენი ფირმის ზარალი 5 მილიონი ლარია. მე არ მაქვს მოვაჭრეებზე ლაპარაკი. მარტო ჩვენზე გეუბნებით, რომ მინიმუმ 5 მლნ. ლარია ზარალი. სრულად არის განადგურებული. არაფერი არ არის გადარჩენილი. პირადი ნივთები, ოფისის სარგებლობა, თუ კი რამე შედიოდა კომპანიის განკარგულებაში ყველაფერი დამწვარია. პლუს ამას მოვაჭრეების ყველაფერი განადგურებულია. მათ შორის საწყობებიც.’’- აცხადებს შპს ,,ბაქანის“ ადმინისტრაციის მენეჯერი.
შპს ,,ბაქანის“ ადმინისტრაციის მენეჯერისთვის უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ასევე უცნობია აღადგენენ თუ არა ტერიტორიაზე ბაზრობას. ზაქრო ნოზაძე ამბობს, რომ შენობა-ნაგებობა ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის სპეციალისტებმა უნდა შეამოწმონ და გადაწყვეტილება ამ დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული.
,,მიზეზებზე ვერ გეტყვით ვერაფერს სანამ არ შემოვა ექსპერტი და სანამ არ მოგვცემენ ოფიციალურ დასკვნას. ჩვენ რომ ვილაპარაკოთ, რომ ვიღაცამ შეგნებულად გააჩინა ან ვინმეს დარჩა გამათბობელი. ეს არის ჰაერში ლაპარაკი. შემოვა ექსპერტი და დაწერს დასკვნას. ახალი მომხდარია და ამაზე ნაფიქრი ჯერ არ გვაქვს აღვადგენთ თუ არა. დიდ თანხაზეა ლაპარაკი. ჯერ სამხარაულის დასკვნას უნდა დაველოდოთ. შეიძლება თუ არა ამ ძირითადი შენობა-ნაგებობის გარემონტება და აღდგენა. თუ არა მაშინ უნდა მოხდეს დემონტაჟი და თავიდან აშენება.’’- აცხადებს ზაქრო ნოზაძე.
ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი - ამის შესახებ მედიას სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა მედიასთან განაცხადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.