სურსათის ფასების რეგულირების დოკუმენტის პირველადი ვერსია მზად არის და როგორც ირკვევა ის მხარეებს დასამუშავებლად უკვე გაეგზავნათ. დოკუმენტზე ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა.

დოკუმენტის პირველადი ვერსიის დეტალებზე „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის გენერალურმა მდივანმა ლაშა რიჟამაძემ ისაუბრა.

ცვლილებებთან დაკავშირებით ლაშა რიჟამაძეს დადებითი მოლოდინი აქვს და იმედოვნებს, რომ რიგი საკითხების დარეგულირება სექტორზე პოზიტიურად აისახება

„აღნიშნული დოკუმენტის ჯერ მხოლოდ პირველადი სამუშაო ვერსიაა, რომელშიც არსებითად ჯერ ყველა ის პირობა არცაა გათვალისწინებული, რომლის მოლოდინიც შეიძლება მიმწოდებლებს ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენ სამინისტროს გადავეცით მოთხოვნები, რომელიც ჩვენი ასოციაციის წევრებს ჰქონდათ.  უკვე არის ასახული რიგი საკითხები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად აისახება ადგილობრივ მწარმოებელსა თუ ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანიაზე,“ - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ლაშა რიჟამაძის თქმით, კანონმდებლობასთან დაკავშირებით დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია წლების განმავლობაში სწავლობდა საერთაშორისო პრაქტიკას და ჰქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.  მისი შეფასებით, კანონი, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს უნდა იქცეს დაცვის მექანიზმად, როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისთვისაც, რაც საბოლოოდ  ხელს შეუწყობს სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას და ფასების სტაბილურობას.

რიჟამაძემ იმ ვადებზეც ისაუბრა, რომელიც დოკუმენტმა უნდა დაარეგულიროს, მათ შორის მალფუჭებად პროდუქტებთან მიმართებით.

„მალფუჭებადი პროდუქციის ეს საკითხი პირველად დოკუმენტში გამოყოფილი არ იყო, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია, რომ ამ პროდუქტების მიმართ განსხვავებული ვადა განისაზღვროს იმიტომ რომ რეალურად სწრაფბრუნვადი პროდუქტია და საერთაშორისო პრაქტიკა  მათთან მიმართებით განსხვავებულ ვადებს ადგენს,“- განაცხადა რიჟამაძემ,

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა გადაწყვეტილება და გაწერილი ნორმა უნდა იყოს იმ ფორმით მიღებული, რომ რითეილ სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვეს,

„რადიკალური ცვლილება მათ მხრიდანაც ფინანსების მობილიზებას საჭიროებს და შესაბამისად ისე არ უნდა მოხდეს, რომ მათი განვითარება შეფერხდეს,“- განაცხადა რიჟამაძემ.

რიჟამაძის თქმით, დოკუმენტის პირველად ვერსიაში უკვე შესულია აკრძალვა, რომელიც ცალმხრივად რაიმე ტიპის გადასახადის დაწესებას ზღუდავს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აკრძალვა, რომელიც პირველად ვერსიაშია, არის ის, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, იკრძალება ცალმხრივად რაიმე ტიპის გადასახადების დაწესება, (რომელიც რეალურად არსებობდა და რითეილი ამ ხელშეკრულებების არსებობის დროს მხარეს განუმარტავდა, რომ მას რაღაც სხვა ტიპის გადასახადიც უნდა გადაეხადა და ა.შ.) აღნიშნულთან დაკავშირებით კეთდება ჩანაწერი, რომ ეს ქმედება იქნება აკრძალული თუ მხარეთა ორმხრივი ნება არ არსებობს და ეს არ შეიძლება სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.  თუ დღეს გვაქვს პრაქტიკა, რომ გარკვეულ პირობაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში  ქსელური მარკეტი აყენებს მოთხოვნას, რომ მაშინ ის აღარ  ითანამშრომლებს მიმწოდებელთან და ქსელიდან  გასვლას აიძულებს, მსგავსი მიდგომა  იქნება კანონის დარღვევა და კონკურენციის სააგენტოს გარკვეული ქმედებების  განხორციელების  უფლება ექნება,“ - აღნიშნა ლაშა  რიჟამაძემ.

რაც შეეხება რეგულაციის ფასებზე ასახვას, რიჟამაძე განმარტავს, რომ კანონპროექტის მიღება არ  გულისხმობს იმას, რომ მიღებისთანავე  მოხდება  ფასებზე ასახვა, ეს  უბრალოდ ხელის  უწყობს  ფასების  სტაბილურობას და  ნორმალიზებას დროის გარკვეულ ჭრილში.

„რეალურად კანონპროექტი ფასების სტაბილურობას ხელს  შეუწყობს და სახელშეკრულებო  ურთიერთობის ფარგლებში ეს ფასზე ასახვას  პოვებს, მაგრამ ის რომ კანონმდებლობა მიღებული იქნება და მეორე  დღიდან  შეიძლება რომ ეს ფასზე აისახოს, ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია“ - აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.