ლოგისტიკური კომპანია „ისთ გეით გრუპის” დამფუძნებლის, ირაკლი იაშვილის აზრით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავება „პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“ მოხდა.
მისივე თქმით, დაკავებულები აქტიურ ბიზნესსაქმიანობას აღარ ეწეოდნენ და ძირითადად პოლიტიკაში იყვნენ გადართული. მართალია, მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა ბიზნესის ნაწილშიც ჰქონდა, თუმცა მაშინ, როგორც ბიზნესმენები, არ დაუკავებიათ.
„ნამდვილად არ მესიამოვნა ეს ფაქტი, თუმცა, რასაც ვხედავ, ეს ხალხი, როგორც ბიზნესმენები ისე არ დაუკავებიათ, როგორც პოლიტიკოსები - ისე არიან დაკავებული, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ბიზნესმენობის დროს მათ წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, მაგრამ მაშინ არ დაუკავებიათ. ციხისთვის ყველა მენანება - ბიზნესმენიც, პოლიტიკოსიც, მსახიობიც და ნებისმიერი ადამიანიც, მაგრამ ბიზნესს გარემოსთან მათი დაკავების პირდაპირი კორელაცია, სიმართლე გითხრათ, ვერ დავინახე. ფაქტი ნამდვილად არ მესიამოვნა, მაგრამ ეს ეხება ნებისმიერს, ვინც ციხეში მიდის.
რატომ მიდის - ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, რაშიც ჩარევა ნამდვილად არ მსურს. ეს ორი კაცი ციხეში არ არიან შესული როგორც ბიზნესმენები, ისინი არიან შესული როგორც პოლიტიკოსები. სწორი იქნება, თუ ვიკითხავთ, რა გავლენას მოახდენს მათი დაკავება პოლიტიკურ გარემოზე და არა ბიზნესზე. მათი სტატუსი შეცვლილია — ისინი არიან პოლიტიკოსები. თავად აღარ იყვნენ აქტიურ ბიზნესში. მეც, როცა პოლიტიკაში ვიყავი, მაშინ ბიზნესიდან გავედი, როცა დავინახე, რომ ჩემი საქმე ეს არ იყო.
ახლა ისევ ბიზნესმენი ვარ. მათ პირიქით გააკეთეს — ბიზნესმენები იყვნენ, პოლიტიკაში გადავიდნენ და მათი ძირითადი საქმიანობა პოლიტიკა იყო. მათი დაკავება იყო პოლიტიკური პროცესი. იყო მათ წინააღმდეგ ბიზნესდავა, მაგრამ ციხეში სახელმწიფომ მაშინ არ გააგზავნა. ახლა პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე აღმოჩნდნენ ციხეში და ამის პოლემიკაში ვერ შევალ“,- აღნიშნა ირაკლი იაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.