"ეს იყო სასოწარკვეთილი ბიზნესის ფასები“ - ასე აფასებს ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი იანვარ-თებერვალში, თბილისში, სასტუმროების მკვეთრ გაიაფებას. საკითხზე მან bm.ge-ს ეთერში გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა. შალვა ალავერდაშვილმა განმარტა, რომ ფასების დაწევის გადაწყვეტილება სასტუმროების მენეჯერებმა ტურისტების ნაკლებობის გამო მიიღეს.

„გადარჩენის რეჟიმში ვიყავით და ონლაინ პლატფორმებზე ბაზარს შევთავაზეთ ყველაზე დაბალი ფასი, რათა რაც შეიძლება ნაკლები გვეზარალა იანვარ-თებერვალში, როცა სასტუმროების დატვირთვა ძალიან დაბალი იყო - 50%-ს არ ასცდენია; ასეთი შეთავაზებით შევძელით ისეთი ტურისტების მოზიდვა, ვინც იმ პერიოდში საქართველოში მოგზაურობას არ გეგმავდა. რა თქმა უნდა, სეზონზე ასეთი ფასები არ დარჩება. ეს იყო სასოწარკვეთილი ბიზნესის ფასი, რათა მაქსიმალურად შეგვემცირებინა ზარალის ოდენობა. მთავარი მიზანი იყო, სასტუმროების მფლობელებს სხვა ბიზნესებიდან ნაკლები ფულის მოტანა დასჭირვებოდათ, რათა სასტუმრო შეენახათ“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ჰოტელიერმა ასევე შეაფასა ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი და თქვა, რომ გუდაურისა და ბაკურიანისთვის წლევანდელი სეზონი კარგი იყო და ბიზნესებისთვის შემოსავლიანი, გოდერძსა და სვანეთში კი - პირიქით. ეს ორი კურორტი წელს ტურისტების ნაკლებობას განიცდიდა.

„ძალიან ცუდი ზამთრის სეზონი ჰქონდა მესტიას და გოდერძის კურორტებს. ამ ორ კურორტზე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ სეზონი ჰქონდა. რამდენიმე გამონათება იყო მესტიაში და მაგით შემოიფარგლნენ. მართალია, კარგ მდგომარეობაში იყო სასრიალო ტრასები და ინფრასტრუქტურა, თუმცა მაგალითად, მესტიას ტურისტი ფიზიკურად არ ჰყავდა“, - აღნიშნა მან.