პური 10 თეთრით გაძვირდა. ჩაბარების ფასი 2023 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. მცხობელებმა პროდუქტზე ფასის უცვლელად შენარჩუნება ვეღარ შეძლეს, რის გამოც ჩასაბარებელი პურის ფასი 10 თეთრით გაძვირდა. საწარმოები მაღაზიებს ერთეულ პროდუქტს 1-1,1 ლარად აბარებენ.

,,საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში” განმარტავენ, რომ ფასის მატება ფქვილის გაძვირებას უკავშირდება. მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში ამბობს, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარს უტოლდება, რის გამოც მცხობელები იძულებულები გახდნენ პური გაეძვირებინათ. პურის მწარმოებლებს ჰქონდათ დათქმა, რომ ფასის შესანარჩუნებლად ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 52 ლარს არ უნდა გასცდენოდა, თუმცა დღეს მისი ფასი 60 ლარამდეა.

„პური ზოგან ღირს 1,2 ლარი, ზოგან 1,3 ლარი. არის 1,4 და 1,5 ლარიანი პურები. გააჩნია მაღაზია რა ფასნამატს უკეთებს. პურის გასაცემი ფასი არის ლარი, ლარი და 10 თეთრი. პურის ფასი ფქვილის გაძვირების გამო დაუბრუნდა 2023 წელს არსებულ ფასს. 50-52 ლარის ფარგლებში იყო ერთი ტომარა ფქვილის ფასი. გახდა თითქმის 60 ლარი. ამიტომ პურის ფასი დაუბრუნდა 2023 წლის მაჩვენებელს. 2023 წელს იყო საშუალება და 10 თეთრი დავაკელით. ეს ფასი ახლა გასწორდა. ფქვილი 2-3 თვეა გაძვირდა. სამი წელი ვახერხებდით პურის ფასის შენარჩუნებას. იყო ასეთი დათქმა, რომ თუ ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 52 ლარს არ გასცდებოდა, მაშინ წარმოება შეინარჩუნებდა პურზე ფასს, თუმცა გაცდა ამ ნიშნულს. ამას კიდევ ის პრობლემა დაემატა, რომ რუსული ფქვილის დაბეგვრის ოდენობა გაიზარდა. ანუ დროებითი გადასახადია ეს, საიმპორტო გადასახადი.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

,,საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობას ფასის მატება არ უნდა გაუკვირდეს, რადგან პური რუსეთშიც გაძვირდა. ქვეყანაში, რომელიც ხორბალს თავად აწარმოებს. მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ პურის ცხობა ბიზნესია და მის ფასს ყველა მწარმოებელი თავად განსაზღვრავს. 

,,ვიცი, რომ რუსეთშიც მოხდა პურზე ფასის ცვლილება. ორი დიდი ფირმა, რომელიც აწარმოებდა რუსეთში პურს მათაც შეცვალეს ფასი. ეს ქვეყანაა, რომელიც თავად ამზადებს ფქვილს და თავად აქვს პური. იქაც კი გაძვირდა. რა გაგვიკვირდა ჩვენ 10 თეთრი. მესმის მოსახლეობის. ჩვენ ამას ყოველთვის შეგნებით ვეკიდებით და რამდენიმე წელი ფასი შენარჩუნებული გვქონდა, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა და სიძნელისა. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ კომუნისტურად, 10 თეთრი მოემატა, 5 თეთრი დააკლდა. პურის ფასი ლიბერალიზირებულია. ანუ თავისუფალია. ვისაც რა უნდა იმას გამოუშვებს. სტანდარტი კი აღარ არის პურზე. თქვენ შეიძლება გამოუშვათ პური, რომელიც დაგიჯდებათ ლარი, სხვას შეიძლება დაუჯდეს 50 თეთრი. რომ ვთქვათ, რომ სტანდარტული ფასი უნდა იყოს, არ არის ასე. მწარმოებელს რა ფასიც უღირს იმ ფასს ადებს. ეს არ არის დოგმატური.’’- აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ მცხობელებს მძიმედ დააწვათ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი. მან მიზეზებიც განმარტა. - ,,მეწარმეს ჰქონდა საშუალება შეერია მაღალი ხარისხის ფქვილი ქართულ ფქვილში და ვიღებდით უფრო მაღალი ხარისხის. დღეს ამის საშუალებაც კი აღარ არის. მცხობელებს ძალიან დაარტყა. პირდაპირ გეტყვით.’’- აცხადებს ის ,,კომერსანტთან“ საუბარში.