შპს "ლანჩ გრუპის" დირექტორის ნინო მელაძის განცხადებით, ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის აკრძალვა ბიზნესს ფინანსური და ოპერაციული გამოწვევების წინაშე აყენებს. მისი თქმით, ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა ბაზარზე არ შეიქმნას დეფიციტი.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, ბიზნესისთვის გარდამავალი პერიოდი აუცილებელია, რათა კომპანიებმა არსებული მარაგის გახარჯვა მოახერხონ და ახალი, ბიო ალტერნატიული პროდუქციის დანერგვაზე ეტაპობრივად გადავიდნენ.

"როგორც პოლიეთილენის პარკი შეიძლება გარდაიქმნას ბიო ნაწარმად, ისე ეს პლასტმასია შესაძლებელი და 2-3 თვეში ესეც დაიწყებს დეგრადაციას. თუ მაინც და მაინც აკრძალვაზეა საუბარი გაგვიჭირდება ჩანაცვლება. რა დანიშნულებასაც პლასტმასის ჩანგალი ასრულებს ფიზიკურად ქაღალდის ჩანგალი იმ ფუნქციას ვერ შეასრულებს. პარკებიდან პრაქტიკა, რომ მაქვს მიღებული სწორედ აქედან გამომდინარე ვიცი, რომ ბევრ პრობლემას გადავაწყდებით. პარკების აკრძალვას კი არ შევეგუეთ, არამედ გამოსავალი მოიძებნა, შემოიტანეს დანამატები და გარდაქმნეს ბიო პროდუქტად. 

იმპორტიორები და მწარმოებლები ერთხმად შევჯერდით, რომ პლასტმასის ნაწარმი ნამდვილად ასაკრძალია, მაგრამ უნდა გაიწოვოს არსებულმა ნაშთმა, რაც იმპორტიორებს გვაქვს და მომხმარებლებს არ გაუხარჯავთ. მოლაპარაკებების დროს ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, გამოიჩინეს თანადგომა, რომ ჩაკეტილი პერიოდი არ გვექნებოდა და ალბათ, ერთი ტურისტული სეზონი მაინც დაგვჭირდება, რომ ეს დარჩენილი ნაშთი გაიხარჯოს. 

იმდენად აქტიურად შემომაქვს პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა და იმდენად დიდი მოთხოვნა მაქვს, რომ მარტო ერთი ბანკი 12 მლნ ჭიქას მოიხმარს. ეს ყველა მე რომ ჩავანაცვლო ქაღალდის ჭიქით, დაახლოებით, 30 მლნ ჭიქაზეა საუბარი, პროდუქცია 5-ჯერ გამიძვირდება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ამ გაძვირებული პროდუქციის შეთავაზება მომიწევს. ასევე, აკრძალვამ შესაძლოა დეფიციტი გამოიწვიოს, რადგან ხისგან და ქაღალდისგან პროდუქიციის წარმოება უფრო რთულია, ვიდრე პლასტმასისგან

არ არსებობს ისეთი კომპანია, რომელიც ამ ცვლილებისთვის მზად იყო. ყველა შევთანხმდით, რომ აუცილებლად დაგვჭირდება დრო, რომ არსებული ნაშთი გავხარჯოთ. ჩემთვის ცოტა უცნაურია ეს აკრძალვა. იოგურტი პლასტმასში ასხია, არაჟანი პლასტმასში ასხია და ყველაფერი გარდა დისპენსერის პლასტმასის ჭიქისა, მაინც პლასტმასში ასხია და მაქვს განცდა, რომ არათანაბარ სიტუაციაში ვართ. მე მაინც ვფიქრობ, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის და სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს", - განაცხადა ნინო მელაძემ.

ცნობისთვის, სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტმასის ნაწარმის გამოყენება ეტაპობრივად შეიზღუდება. ახალი მოთხოვნებით, 1-ელი იანვრიდან პლასტმასის ჩანგლები, თეფშები და სხვა ერთჯერადი პროდუქცია ბაზარზე აღარ განთავსდება. რეგულაციები შეეხება მწარმოებლებს, იმპორტიორებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც.

წყარო: ბიზნესპარტნიორი