არტიზანული საცხობისა და კაფეს ქსელი "ანტრე" მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატებში გამოჩნდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გეგუშა ფიჩხაიამ "კაცმანის პოდკასტში" განმარტა, "ანტრე" იკვლევს, თუ რომელ ქალაქში ღირს პირველი ფილიალი გაიხსნა. მხოლოდ სრულფასოვანი მოკვლევის შემდეგ გადავა კომპანია უშუალოდ ინვესტიციის განხორციელების ეტაპზე.
კომპანიის მიზანი კაფეს ფილიალის 10 ქალაქში გახსნაა.
"ახლა ვარჩევთ ამერიკაში ერთ-ერთ ქალაქს, რომელსაც 2025-ში ავარჩევთ და დავიწყებთ ინვესტიციას. ამერიკის ბაზარი ისეთია, რომ გვექნება ადვილად საშუალება, რომ ერთ ქალაქში არ ვიყოთ", - ამბობს ფიჩხაია და დასძენს, რომ მიზანი "ანტრეს" 10 ქალაქში გახსნაა. ბრენდი ამჟამად მსოფლიოს სამ ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისი, ბაქო, ლონდონი.
"ანტრე" ამ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქში 16 ფილიალს ფლობს.
კომპანია აზერბაიჯანის ბაზარზე 10 წლის წინ შევიდა და 8 სხვადასხვა ობიექტში 130 ადამიანს ასაქმებს.
ლონდონში კი პირველი კაფე 2021 წელს გაიხსნა. ამჟამად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში "ანტრეს" 3 ფილიალი მუშაობს.