საქართველოს უმსხვილესმა ელექტროგამანაწილებელმა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ 2022 წლის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი 14%-ით, 497 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ კი 12%-ით მოიმატა და 228 მილიონ ლარს მიაღწია.

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში კომპანიამ 5,130 გგვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა. ამასთან, უშუალოდ განაწილებიდან მიღებული შემოსავალი 451 მილიონ ლარს, ხოლო ქსელთან მიერთების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 45.8 მილიონ ლარს შეადგენდა. „ენერგო პრო ჯორჯია“ 1.3 მილიონი აბონენტის ელექტრომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, კომპანიის საოპერაციო არეალი კი 58.8 ათას კვადრატულ კილომეტრია. 

ფინანსური ანგარიშის თანახმად, „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ მთავარ ხარჯს ელექტროენერგიის შესყიდვა წარმოადგენდა, რაზედაც 2022 წელს კომპანიამ 105 მილიონი ლარი დახარჯა. ხარჯებს შორის მეორე ადგილზე 70 მილიონი ლარით კომპანიაში დასაქმებულთა (5000-ზე მეტი ადამიანი) სახელფასო ფონდია.

„2016 წელს კომპანიის განაწილებისა და გენერაციის აქტივების გაყოფის შედეგად დაარსდა სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“. ამჟამად, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურს, საერთო ჯამური სიმძლავრით 489 მგვტ. საქართველოში „ენერგო-პრო ჯგუფი" აგრეთვე ფლობს და ამუშავებს გარდაბნის გაზის თბოელექტროსადგურს შპს „ჯიფაუერს“ დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების მიღების შედეგად, კომპანიას გამოეყო მიწოდების ნაწილი და მის განახორციელებს ახლად ჩამოყალიბებული სს "ეპ ჯორჯია" მიწოდება, რომელმაც საქმიანობა დაიწყო 2021 წლის 1 ივლისს. სს „ეპ ჯორჯია“ მიწოდების საქმიანობის საგანია ელექტროენერგიის რეგულირებული მიწოდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტებისთვის. სს „ეპ ჯორჯია“ მიწოდებას დაკისრებული აქვს ელექტროენერგიის მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და კომპანიის სალიცენზიო არეალში განსაზღვრულია ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად. ჯგუფის რეორგანიზაციის შედეგად, 2021 წელს ასევე შეიქმნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“, რომელიც უზრუნველჰყოფს ენერგო-პრო ჯგუფის კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგად სერვისებს, საერთო მომსახურების სახით. აღნიშნული კომპანიის შექმნით შესაძლებელი გახდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი განცალკევების პირობებში კომპანიების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგადი (არასპეციფიკური) საქმიანობის არსებული რესურსებით უზრუნველყოფა,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

ჩეხური „ენერგო პრო“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანია ქვეყანაში რამდენიმე იურიდიული პირის სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც ელექტროენერგიის გენერაციით, განაწილებითა და მიწოდებით არიან დაკავებული.