„Emaar - ის არის ძალიან ცნობილი კომპანია, ცნობადი ბრენდი, სახელი და ასევე გამოცდილი პარტნიორი. ვფიქრობ, მისი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა წაახალისებს მთლიანად  სექტორს და ახალ სტანდარტებს შემოიტანს, რაც ვფიქრობ, დარგის სხვა წარმომადგენლებს გარკვეულწილად მიეხმარება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები. მისი შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერის Emaar Properties/Eagle Hills - ის საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის და სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი.

აღსანიშნავია, რომ Emaar Properties/Eagle Hills - ი საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით.  უშუალოდ საამიროებში Emaar Properties-ისა და Eagle Hills-ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში, პროექტები Dubai Marina-ს ელიტურ საკურორტო ზონასა და სხვ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს